ვერიკო ანჯაფარიძის უკანასკნელი მიმართვა ახალგაზრდებს…
“რაც უფრო დიდხანს ვცოცხლობ,მით უფრო ნაკლებად ვეგუები სიბერეს.სიჭაბუკე თუ სიბერე – ამას განსაზღვრავენ არა განვლილი წლები,არამედ სულის ასაკი.როგორ ვწუხვარ,როცა შევხვდები ხოლმე ახალგაზრდას,რომელსაც გულში სიზარმაცის,აპათიის ჭია შეჰპარვია.ძალა,ძალისხმევაა – მათ შორის ღრმა კავშირია. (ავტორი გენია.ჯი) თუ ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე თავს ძალას არ ატანს,არ იჩენს ნებისყოფას,ადამიანი ვერ შექმნის თავის შესაფერ ბედს.ამაში კვლავ და კვლავ მარწმუნებს საკუთარი ცხოვრება.ათწლეულების მანძილზე ათობით როლი განმისახიერებია სცენაზე: ნათელი იდელებისთვის საბრძოლველად შემართული ქალები და თავისი წვრილმანი მისწრაფებების ვიწრო ნაჭუჭში მოქცეული ქალები,მეამბოხენი,მზად რომ არიან,დაიწვან თავი დიდ ვნებათაღელვათა კოცონზე, და საკუთარი უძლურებით დათრგუნვილი მსხვერპლნი.
ჩემთვის ყველას მათ აერთიანებს ერთი რამ – გატაცებული,ხშირად კი თავდაუზოგავი შრომაც.ამ ქალების ცხოვრებით რომ ცხოვრობ,უფრო ღონიერი ხდები.წარუმატებლობა ვერავის ასცდება,ჩემო ძვირფასო ქალიშვილებო და ჭაბუკებო! (ავტორი გენია.ჯი) კაცზე რომ გაიგონებთ,”ბედის ნებიერააო”,ნუ დაუჯერებთ,ბედი არავის ანებივრებს,მაგრამ იგი გაჯილდოებს დაუცხრომლობის,უდრეკობის,პატიოსნებისა და უანგარობისათვის,მით უფრო გულუხვად გაჯილდოებს,როცა ნაკლებად ფიქრობ დიდებაზე,რაც უფრო მეტად პოულობ ამ ჯილდოს თვით შრომაში.თავდადება მუშაობაში,უდიდესი პასუხისმგებლობა – ყოველივე ეს ერთად თუკი გაქვს,აქცევს სწორედ მსახიობს ასეთ ადამიანად.
მახსენდება,როგორ ვმუშაობდი ოთარაანთ ქვრივის სახეზე ამავე სახელწოდების ფილმში.ხის წინ ვიდექი და ვცდილობდი,”დამეჭირა” შესაფერი სულიერი განწყობილება.ჟღერდა სამგლოვიარო მუსიკა.შვილის დასაფლავების ეპიზოდის ყველა დანარჩენმა მონაწილემ ისეთი მწუხარებითა და სიმძაფრით აღიქვა ყოველივე ეს,რომ მე,როგორც იქნა,მივაგენი გულდათუთქულ დედის მდგომარეობას,მაგრამ ამ დროს მზეს ღრუბელი გადაეფარა და გადაღება შეწყდა.სცენის მონაწილენი დაიშალნენ,მე კი გაქვავებული ვიდექი,მეშინოდა,მიგნებული განწყობილება არ დავკარგო-მეთქი.ფილმის დამდგმელი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი და სხვანი მირჩევდნენ,დაისვენეო.მე კი ვიდექი და ხმას არ ვიღებდი.
მზემ მხოლოდ 5 საათზე გამოიხედა.თურმე შუადღიდან 5 საათამდე ხის ქვეშ ვმდგარვარ.გადაღება გაგრძელდა და მე მივხვდი – ეპიზოდი გამოვიდა.ეს დღე სამუდამოდ ჩამრჩა გულსა და გონებაში.
კიდევ ერთი ამბავი:
კლეოპატრას როლს ვასრულებდი თეატრში.ეს როლი დიდ ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვდა. (ავტორი გენია.ჯი) სპექტაკლის შემდეგ კულისებში შემოვიდა ერთი სამხედრო პირი და მკითხა: “ოდესმე თუ გიცდიათ,დაგედგინათ,რამდენს იკლებთ წონაში ერთი სპექტაკლის დროს?’ წონა იქით იყოს და არის კიდევ სულიც,გულიც,ნერვები – მსახიობი,ხელოვანი და, საერთოდ,ადამიანი არ შეიძლება მოზომილად მოქმედებდეს…
რამდენი მაგალითიც უნდა მოვიყვანო,ყველა ერთ რამეზე მეტყველებს: მიგნებებს,წარმატებებს მიღმა თავდაუზოგავი შრომაა.
ერთგულება… ერთგულების ნიჭი დაბადებიდან არ დაჰყვება ადამიანს,იგი უნდა გამოიმუშაო.ადამიანის,საქმის,სამშობლოს ერთგულება იმ დიდი გარჯის ჯაჭვია,საკუთარი იდეალებისა და მიზნების სრულყოფას რომ ხმარდება.ამაზე მკაფიოდ უნდა ველაპარაკოთ ახალგაზრდებს.
ხელოვნებაში საკუთარ თავს კი არ ვამკვიდრებ,არამედ იმას,რაც ჩემს როლს მოაქვს.მან უნდა მოიცვას მთელი ჩემი არსება,დამიპყროს მთლიანად. და რაკი მე როლის,თეატრის და, მაშასადამე,საქმის ტყვე ვარ,სწორედ ეს არის ჩემი ნამდვილი თავისუფლება – შემოქმედებითი,მოქალაქეობრივი,უბრალოდ,ადამიანური.
მახსოვს,ბებიას როლს რომ ვთამაშობდი სპექტაკლში “ხეები ზეზეულად კვდებიან”,სახის მთელი კუნთები მტკიოდა.მაშინ მეკითხებოდნენ: რამ დაგაბერაო? სამაგიეროდ ვთამაშობდი ივდითს – და ოცი წლით ვახალგაზრდავდებოდი…
…მე ცხოვრების დიდი და გრძელი გზა გამოვიარე.უამრავი რამ განმიცდია და გადამხდენია თავს.დღეს მოგმართავთ თქვენ – ახალგაზრდებს:
“განცდილს ნუ გამოედევნებით.ნუ ითხოვთ: “შეჩერდი,წამო!”; დაე,გადიოდეს დრო; დაე,მიჰქონდეს მას ახალი შრომა,ახალი ძიებანი,ახალი საქმეები,ცხოვრებას უფრო საინტერესოს,შინაარსიანს,უფრო ნათელს რომ ხდის!” (ავტორი გენია.ჯი)