ნიკო ლორთქიფანიძის დიდებული ნოველა – „უკვდავება”
„მთის თხემიდან ადამიანი დაბლა-დაბლა მოდიოდა. თმაგაწეწილი იყო, ფეხშიშველი, ავადმყოფი. მაინც უხაროდა, რომ მწვერვალის ნისლსა და ბურუსს განშორდა და ამაყად ადგამდა ფეხს: სიამოვნებით უყურებდა განათებულს, ცოცხალ სოფელ-ქვეყანას.
ღმერთი აღმართ-აღმართ მოდიოდა. მხარზე გადაგდებული მოსასხამი მხოლოდ ზოგიერთ ადგილს უმალავდა. მარმარილოსაგან გამოქანდაკებულს უგავდა სხეული. თავზე გვირგვინი ედგა.
ბილიკზე ერთმანეთს შეხვდნენ ადამიანი და ღმერთი.
- ჭეშმარიტების სალარო ხარ და თაყვანსა გცემ; მშვენიერი ხარ და მიყვარხარ; უძლეველი ხარ და მშურს, მაგრამ მეცოდები თანაც!
- როგორ თუ გეცოდები?!
- დიახ, მეცოდები! შენ ყოველისფერს ჰხედავ და მეცოდები; შენ უკვდავი ხარ და მეცოდები. რაც უნდა მოგაბეზროს თავი საგანმა, მაინც შეხედავ, რაც უნდა გეზიზღებოდეს, თვალს ვერ მოაშორებ – მეცოდები! ეს კიდევ არაფერი. უდიდესი ჩემი უბედურება ვერ შეედრება შენს აუტანელ მდგომარეობას: რაც უნდა შეგძულდეს თავი, შეგეზიზღოს თავი, რაც უნდა ისურვო გაჰქრე, მოისპო – არ შეგიძლია. შენ უკვდავი ხარ! მეცოდები, უფალო; ჩემს უმწვერვალესს ტანჯვაშიაც კი შენი ბედი მანუგეშებს – შენ ჩემზე უბედური ხარ. ჭეშმარიტად, უფალო. მეცოდები, რომ შეიძლებოდეს, მაინც არ გაგიცვლი ბედს.
ღმერთს ეწყინა, ალმაცერად შეხედა ადამიანს და აღმართ-აღმართ წავიდა.
ადამიანი კი დაეშვა დაღმართ-დაღმართ”.