ამონარიდები ჯოზეფ ჰელერის რომანიდან – „ხაფანგი – 22″
„ – როცა ყოვლისშემძლის წინაშე აღმოჩნდები, მინდა რაღაც გადასცე ჩემი სახელით. უთხარი რომ არ არის სწორი, როცა ადამიანები ახალგაზრდულ ასაკში კვდებიან. ეს მინდა, უთხრა. რადგან ადამიანებს სიკვდილი უწერიათ, მოხუცდნენ მაინც და მერე გარდაიცვალონ. აუცილებლად გადაეცი ეს. მგონი, არც კი იცის, დედამიწაზე ასეთი უსამართლობა რომ ხდება”.
* * *
„ადამიანებს ყველაფრის უფლება აქვთ, რაც კანონით აკრძალული არ არის, ისეთი კანონი კი, რომელიც თქვენს მოტყუებას კრძალავს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ არსებობს!”
* *
„კაპელანმა აღმოაჩინა, რომ არცთუ ძნელი იყო, უღონობა მორჩილებად მოგენათლა, სიხარბე – მომჭირნეობად, უხეშობა – პირდაპირობად, ღვთის გმობა – სიბრძნედ, სიცრუე – ჭეშმარიტებად, თაღლითობა – პატიოსნებად, სისასტიკე – პატრიოტიზმად, სადიზმი კი – სამართლიანობის ზეიმად. ეს დიდ ჭკუა-გონებას არ მოითხოვდა, ყველა მოკვდავს შეეძლო გაეკეთებინა. მხოლოდ ის იყო საჭირო, რომ ზედმიწევნით უზნეო ყოფილიყავი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მცენარისაგან განსხვავებით, მხოლოდ არსებობა ადამიანისთვის არ კმარა”.
* * *
„წვრილმანებზე მაღლა უნდა დადგეთ, რომ მთავარი დაინახოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„იდეალები ყოველთვის კარგია, ადამიანები კი ხანდახან სცოდავენ”.
* * *
„ – საითაც არ უნდა გავიხედო, ფულის შოვნაზე დახარბებულ ადამიანებს ვხედავ. ზეციური წმინდანები და ანგელოზები არსად ჩანან. ვხედავ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, სხვათა უბედურების ხარჯზე გამდიდრდნენ”.
* * *
„პრობლემისაგან გაქცევა მის გადაწყვეტას არ ნიშნავს”.
* * *
„იოსარიანსაც შესცივდა, მთელი სხეული უკანკალებდა. პირქუშად მისჩერებოდა სნოუდენის იდუმალ არსს, იატაკზე დაყრილს. ადამიანის არსი სხეული, მატერია იყო. თუ ფანჯრიდან გადააგდებდი, ადამიანი დაეცემოდა, თუ დაწვავდი – ადამიანი დაიწვებოდა. მიწაში ჩაფლავდი და ადამიანი დალპებოდა, ისე, როგორც ნაგავი. როგორც კი სული სხეულს მიატოვებდა, რჩებოდა ნაგავი. ეს იყო სნოუდენის საიდუმლო. დაბადება თავის თავში სიკვდილს ატარებდა”.
* * *
„ – და ნუ მიმტკიცებ, რომ გზანი უფლისანი შეუცნობელია. ძალიან კარგადაც არის შესაცნობი. ის გამუდმებით დაგვცინის და სწორედ აქეთ მიდის ყველა მისი გზა. ან იქნებ სულ დაავიწყდა ჩვენი არსებობა? ღმერთი, რომლის ხსენებაში არიან ადამიანები დღედაღამ, სასტიკი, უნიჭო, ღვარძლიანი, უხეში, თვითკმაყოფილი და პატივმოყვარე პლებეია. განა შეიძლება მუხლი მოიყარო იმ ყოვლისშემძლის წინაშე, რომელმაც შექმნა სამყარო, სადაც კბილები ლპება და ცხვირიდან ცინგლი მოგდის? როგორი გარყვნილი, ბოროტი, საზიზღარი ტვინი უნდა ჰქონოდა, უძლური მოხუცები გაეწირა საიამისოდ, რომ შარვალში ჩაესვარათ. და საერთოდ, ტკივილი რატომ შექმნა?
- ტკივილი? – გამარჯვებულის სახით ჩაეჭიდა ბოლო სიტყვას ლეიტენანტ შაისკოპფის ცოლი, – ტკივილი ხომ სიგნალია. ის ჩვენს სხეულს აფრთხილებს საფრთხის შესახებ, რომელიც ემუქრება.
- და საფრთხე ვინ მოიგონა? – ჰკითხა იოსარიანმა და ღვარძლიანად გაიღიმა, – ოჰ, მართლაც დიდი წყალობა გაიღო, რომ ტკივილით დაგვაჯილდოვა! არ შეეძლო, ამის მაგივრად უბრალო კარის ზარი გამოეყენებინა, რომ შეეტყობინებინა, საფრთხე გიახლოვდებათო? ან თუ ზარი არაა, ანგელოზების ხმა მაინც, ან ცისფერი და წითელი ნეონის ნათურების სისტემა ჩაემონტაჟებინა ჩვენს შუბლში. ყველა მეტ-ნაკლებად გონიერი ზეინკალი შეძლებდა ამის გაკეთებას. რატომ მან ვერ შეძლო?
- შუბლში ჩადგმული ნეონის ნათურებით ადამიანები ძალიან სულელურად გამოჩნდებოდნენ.
- სამაგიეროდ, ახლა გამოიყურებიან კარგად, როცა აგონიაში ტკივილისაგან იკრუნჩხებიან ან მორფიუმისაგან ლენჩდებიან. მართლაც კოსმოსური მასშტაბის უნიჭობაა! პირდაპირ გაოგნდები, რომ მას, ასეთი უსაზღვრო შესაძლებლობების მქონეს, შეეძლო ასეთი უბადრუკი, უმსგავსი სამყაროს შექმნა. ეს ხომ აბსოლუტურად ზებუნებრივი უმწეობის გამოვლენაა! როგორც ეტყობა, თავი არასოდეს ურჩენია თავისი სპეციალობით. არც ერთი საკუთარი თავის პატივისმცემელი ბიზნესმენი მას ხელის ბიჭადაც კი არ აიყვანდა სამსახურში”.
* * *
„იოსარიანი შეეცადა, წარმოედგინა, რამდენი ადამიანი იქნებოდა ახლა უკიდურესად გაჭირვებული თუნდაც მის აყვავებულ ქვეყანაში; რამდენი ადამიანი ცხოვრობდა უბადრუკ ქოხმახებში; რამდენი ქმარი იყო უგონოდ მთვრალი; რამდენ ცოლს სცემდა სასოწარკვეთილი ქმარი; რამდენ ბავშვს მიაყენეს შეურაცყოფა, რამდენი შეაშინეს და რამდენი მიატოვეს; რამდენ ოჯახს შიოდა და არ შეეძლო პურის ყიდვა? რამდენი ადამიანი ვეღარ იტანდა თავს დატეხილ უბედურებას და გული უსკდებოდა? რამდენი ადამიანი ჩაიდენდა თვითმკვლელობას იმ ღამით და რამდენი სახლის მფლობელი იხეირებდა დაღუპული ღატაკების ხარჯზე? რამდენი გამარჯვება იქცეოდა დამარცხებად, რამდენი გამარჯვებული – დამარცხებულად? რამდენი მდიდარი გაღარიბდებოდა დილამდე, რამდენი ადამიანი აღმოჩნდებოდა ბოროტმოქმედი? რამდენი ბრძენი – სულელი, მამაცი – მხდალი, პატიოსანი – მატყუარა, ერთგული – მოღალატე და კარგი – ცუდი? რამდენი მაღალჩინოსანი ხალხის რჩეული გაყიდდა სულს გროშებისათვის და რამდენს სული საერთოდ არ აღმოაჩნდებოდა? რამდენი ბედნიერი ისტორია დამთავრდებოდა უბედურებით? რამდენი სწორი, ვიწრო ბილიკი იქცეოდა მიხვეულ-მოხვეულად? რამდენ ღირსეულ ოჯახში ატყდებოდა აყალმაყალი და რამდენი მყარი ოჯახი დაინგრეოდა? სად უნდა ეძიო კარგი ადამიანი?! და თუ ამ ყველაფერს შევკრებთ და შემდეგ გამოვაკლებთ, მხოლოდ ბავშვები დაგვრჩება და შესაძლოა, ალბერტ აინშტაიანი და ვინმე მოხუცი მევიოლინე ან მოქანდაკე, სადღაც მიყრუებულ ადგილას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არ შეიძლება, სიცოცხლე წაართვა ადამიანს, მაშინაც კი, თუ ვიღაც გაჭირვებული მსახურია, და დაუსჯელი დარჩე!”