რა დოზით სვამდნენ ღვინოს საქართველოში?!
ღვინის სმა საქართველოში მუდამ ზომიერად იცოდნენ.ყოველგვარ ვითარებაში სვამდნენ ღვინოს – ლხინში,ჭირში,გასამხნევებლად,გუნების გამოსაკეთებლად,ჯანის მოსამატებლად,ხალხთან კეთილი ურთიერთობის დასამყარებლად,მეგობრობის განსამტკიცებლად,მტერზე გამარჯვების აღსანიშნავად,ყოველგვარ დღეობებსა თუ დღესასწაულებზე,ქორწილებში,ნათლობებში,მეფედ კურთხევის დროს,ხალხმრავალ ნადიმებზეც და მყუდრო საოჯახო სადილებზედაც…
ახლაც ჩვენი გლეხი კაცი სუფრას ისე არ მიუჯდება,თუ გვერდზე მამაპაპისეული,ღვინის სპეციფიკურ ფერგადაკრული ხელადა არ მოიდგა.გადაჰკრავს ერთ-ორს,დაილოცება,გახალისდება და მერე,რა მძიმე სამუშაოც არ უნდა ელოდეს,გულიანად და ენერგიულად შეებმება.თანაც,ყოველდღიური ტრაპეზის დროს უფრო განელებულ ღვინოს შეექცეოდნენ.დღესაც “სახარჯოს” უწოდებენ სოფლებში ასეთ ღვინოს.
ძველად თიხის პატარა ფიალებით სვამდნენ.არქეოლოგიური გათხრების დროსაც აღმოაჩინეს ასეთი ფიალები.მერე,ფიალებთან ერთად მინის პატარა ჭიქებიც გაჩნდა.პატარა ჭიქები!.. იქნებ თქვენც გინახავთ,აქა-იქ დღევანდლამდე შემორჩენილია ოჯახებში წელში გამოყვანილი,კოხტა ჭიქები,ჩვენში ქართულ ჭიქას ეძახიან.რამდენადაც ვიცი,საქართველოში არც აკეთებდნენ ასეთ ჭიქებს,შემოჰქონდათ. და სწორედ ის არის საინტერესო,რომ მაინც ქართული ერქვა: იმ ფაქტს ესმებოდა ხაზი,რომ ღვინოს საქართველოში ამ პატარა ჭიქითა სვამდნენ.ამიტომაც ერქვა ქართული ჭიქა.სინამდვილეში,ჭიქა კი არ იყო ქართული,ამ ჭიქით სმა იყო ქართული. (ავტორი გენია.ჯი)
დიდ ღრეობებში ყანწებიც დატრიალდებოდა ხოლმე,კარგა მოზრდილი ყანწები,მაგრამ ამას უფრო სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა, და ვისაც დალევა არ შეეძლო,არც აძალებდნენ.ამიტომაც მთვრალი კაცი იშვიათი იყო.შეზარხოშდებოდნენ ხოლმე დიდ ღრეობებში.ეს იყო და ეს.უფრო მეტად გახალისდებოდნენ.ქეიფის მთავარი არსი სმა კი არ იყო,მოლხენა იყო – სიმღერა,ცეკვა,თამაში,მოსწრებული სიტყვა-პასუხი… ერთხელაც რომ დამთვრალიყო კაცი ისე,რომ ფეხი არეოდა,მთელი სოფლის სამასხრო გახდებოდა,თითით საჩვენებელი შეიქნებოდა,ლოთი შეერქმეოდა და ამ სახელს ძნელადღა თუ მოიშორებდა.
იქნებ იკითხოთ,მაშ როგორღა უნდა ავხსნათ,რომ უცხოელ მოგზაურთა ჩანაწერებსა და ზოგიერთ ჩვენს ქრონიკაშიაც,მართალია ძალიან იშვიათად,მაგრამ მაინც გამოჩნდებოდა ზოგიერთი ჩვენებური კაცის სახელი,რომელსაც ბლომად ღვინის დალევა შესძლებია და ყვარებიაო.ეს სულ სხვა საქმეა. და, სხვათა შორის,ესეც ამაგრებს ჩვენს გამოთქმულ მოსაზრებას.ეს უჩვეულო შემთხვევა იყო.თითო-ოროლა კაცი თუ გამოჩნდებოდა ხოლმე მთელ ქვეყანაში ასეთი.ისიც ყოველთვის არა. და იმდენად იშვიათი იყო ეს,საერთო ჩვეულებისაგან იმდენად განსხვავებული,რომ,იმ ძნელი ინფორმირების პირობებშიაც კი,მთელმა საქართველომ იცოდა ასეთი კაცის სახელი. და იცინოდნენ ამაზე,მასხრად იგდებდნენ.უკვირდათ.თუ გახსოვთ,ლუარსაბ თათქარიძეს იმერეთიდან გამოუწერეს ერთი ასეთი მსმელი კაცი.იმხანად მხოლოდ იმერეთში აღმოჩნდა.ალექსანდრე დიუმა რომ ჩამოვიდა საქართველოში,მაშინ საერთოდ არ აღმოჩნდა ასეთი მსმელი კაცი და იცინოდნენ კიდეც,სტუმარმა სირცხვილი გვაჭამაო. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ვახტანგ ჭელიძის წიგნიდან – “ქართლის ცხოვრების ქრონიკები”.