სვიმონ გუგუნავა – “დედა ენა”
ჩემო აღმზრდელო ენაო,
აჰყვავდი იწყე ფრენაო,
გისურვებ,სხვათა ენები
შემოგნატროდეს შენაო.
***
ენა ცხოვრების წყაროა,უკვდავი,დაუშრობელი,
ენა კოკორი ვარდია ხალხისთვის დაუჭკნობელი,
ენა წარსულის მოწმეა და მომავლისა მშობელი,
ენა სიბრძნეა აწმყოსი,ლამპარი გაუქრობელი.
***
ენა აქვს კაცობრიობას კედლად და საფუძველადა,
ენა სვეტია ერისა,მასზედ სდგას იგი მრთელადა,
ენა აზრს დაასაბუთებს და შეიქმს ხორციელადა,
ენაში გამოიხატვის ბუნების ძალა ვრცელადა.
***
ენაა ხალხის დიდების სალარო შესანახავი,
წარსულთა საუკუნეთა შენს წინა გამომსახავი;
ენა სიწმინდის კვერთხია,უზადო,დაუზრახავი,
ენაში მოინახების ყოველი მოსანახავი.
***
რა ბავშვი შობოს დედამა,ძუძუ აქვს საწოვებელი,
ერთად ძუძუსთან ენაა იმისი მსაზრდოებელი;
ენა თან დასდევს,მსახურობს ვითა ერთგული მხლებელი,
ენაა მისი საკვები და მისი მაცოცხლებელი.
***
ენაა მანათობელი გვირგვინი ხალხოსნობისა,
ენა სულია ცხოველი იმისი არსებობისა,
ენა ჯილდოა ღვთიური კაცობრივისა გრძნობისა,
ენა ერობის ხიდია და კავშირია ძმობისა.
***
ბავშვი ენაში გაიცნობს თავისა გარეშემოსა,
სულიერის და უსულოს საგანთ სახელს და გემოსა,
ვინც რომ ზამთარი გაძარცვა და გაზაფხული შემოსა,
მოქალაქობის,სამართლის კერძოსი,გინდ სათემოსა.
***
დედას რომ შვილი მოსტაცო,აღარ აჩვენო თვალითა,
მშობლურის გრძნობით ნაწლევნი დაეწვას ცეცხლის ალითა,
ვერ შეუმცირებ სატანჯველს ვერა ყინულის წყალითა,
მაგრამ მეორეს დაბადებს ბუნებრივისა ძალითა.
***
თუ ხალხს სამშობლო წაართვით,ნუ შეეხებით ენასა,
და როცა ენას წაართმევთ,დაჰკარგავს ხედვა-სმენასა;
ვერ დაიბრუნებს წართმეულს,დაიწყებს კბილთა ღრჭენასა,
ბოლოს გაქრება,მოკვდება,მოსპობს სულისა ქშენასა.
***
არიან ზოგი ქალ-ვაჟნი ჩვენივე მიწის შვილები,
სასწავლებელში გავლილნი,სიყრმიდან ნაცოდვილები,
აღარ მოგვანან ქართველებს,გგონიათ გამოცვლილები,
თავის ენაზედ საუბარს ირცხვიან დალოცვილები.
***
ენა გვაქვს წინაპართაგან,ვით განძი გადმონაცემი,
და როგორც სჯული,ენაა უმაღლეს პატივსაცემი,
ვინც ენას დაამახინჯებს,იქნება მისი დამცემი,
ის ჩაითვლება საეროდ,ვითა იუდა გამცემი.
***
რომელიც გასცვლის უცხოზედ მშობლიურს ანაბანასა,
ის თავის ძმასაც უმუხთლებს,გულში ჩაასობს დანასა,
ვინც დედა ენით არ უმღერს თავის სამშობლოს ნანასა,
ქების წილ ზიზღით ვიხსენებ ქართველსა ამისთანასა.