შალვა დადიანის რომანიდან – “გვირგვლიანების ოჯახი”
” – ბატონი ბრალმდებელი ტყუილად დგება გამარჯვებულის პოზაში.განა მარტო ფიზიკურ შეურაცხყოფაზეა საქმე.ცხადია,გვირგვლიანს მოგერიებით ფიზიკური ბრძოლა არ უწარმოებია,მაგრამ ზოგჯერ არის ისეთი სიტყვები,რომლებიც ფიზიკურ შეურაცხყოფაზე უფრო მწვავეა.აქ კი მტკიცდება,რომ შეურაცხყვეს ჩემი კლიენტის წმიდათა წმიდა.შეუგინეს სამშობლო,შეუგინეს მისი მშობლიური ენა.თავმოყვარე ადამიანი იძულებული შეიქნება ასეთ დროს ისეთ სასტიკ ზომებს მიმართოს,როგორ ზომებსაც გვირვლიანმა მიმართა. (ავტორი გენია.ჯი)
ქიქოძეს კიდევ უნდოდა რაღაც ეთქვა,მაგრამ თავჯდომარემ საკმარისად მიიჩნია ეს რეპლიკა და წინადადება მისცა დამცველს თავისი მოსაზრებანი თავის ბოლო სიტყვისათვის შემოენახა.
პროცესის წინასწარი პროცედურა დასრულდა და ჯერი მიდგა კამათზე.
ბრალმდებელმა შორიდან დაიწყო.პირველ ხანად საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობებზე ილაპარაკა.ამტკიცებდა,რომ რუსეთთან შეერთებამდე საქართველო იყო სპარსეთისა და ოსმალეთის სათარეშო მოედანი და აქ როგორ რიგიან ცხოვრებაზე შეიძლებოდა ლაპარაკი.მაშასადამე,არც კულტუროსნობაზე.ქართველები იკვეხნიან,რომ მათ ჰყავდათ ვითომდა გენიოსი პოეტი რუსთაველი…
ამ “ვითომდა გენიოსობამ” დარბაზში ყრუ დრტვინვა გამოიწვია,მაგრამ ბრალმდებელი არ დაცხრა:
- მერმედა რა დასწერა? ვიღაც პრინცმა შეიყვარა ვიღაც პრინცესაო.ოო,დიდი ამბავია! ასეთი რომანებით სავსეა მთელი საშუალო საუკუნის ლიტერატურა მსოფლიოში…
დარბაზში იმატა დრტვინვამ.
ბაგაროდსკიმ ზარი დააწკარუნა.შემდეგ ბრალმდებელს შენიშნა:
- თქვენ ნამეტანი შორიდან იწყებთ.აქ ლიტერატურული დისკუსია არა გვაქვს.გთხოვთ,პირდაპირი დღევანდელი პროცესის საგანზე გადახვიდეთ.
ბრალმდებელმა ერთი მქირდავად გადახედა ბაგაროდსკის და შემდეგ განუცხადა:
- ბატონო თავჯდომარევ! რაც ვთქვი,ეს მჭირდება სწორედ ბრალდებულის დასახასიათებლად.ამიტომ ნება მიბოძეთ,ცოტაზე კიდევ განვაგრძო ამ მხრივ ჩემი აზრის გაშუქება.მე ვამტკიცებ,რომ ეს მათი,ქართველების,პოემა მაჩვენებელია ქართველი ხალხის ხასიათისა.რომ მათ აკლიათ სიდინჯე და ძალიან მოგვაგონებენ ველურ ადამიანებს.არიან დაუნდობელნი და უპრინციპონი.პოემის ერთი გმირი მიპარვით,მძინარესა ჰკლავს თავის მეტოქეს,მეორე გმირი,რომელიც ვითომდა მაღალის სიყვარულით არის განმსჭვალული თავისი სატრფოსადმი,პირველსავე შემთხვევაში ღალატობს… ჰმ… თავის წმინდა სიყვარულს და ვიღაც მსუბუქი ყოფაქცევის ქალთან იჭერს კავშირს…
აქ ქიქოძემ აიმაღლა ხმა:
- ბატონო თავჯდომარე! ასე არ შეიძლება.თქვენ კარგად ბრძანეთ წეღან: აქ ლიტერატურული დისკუსია არა გვაქვს.მერმე კიდევ,როგორ ამახინჯებს რუსთაველის დიდებული პოემის შინაარს.ის მაგალითები,რაც მან უხეიროდ ამოგლიჯა პოემიდან,ასე შიშვლად არ არის იქ მოცემული.ისინი ყველა დასაბუთებულია,თუ რამ გამოიწვია ხსენებული ქმედობანი.ამას გარდა,ასეთი ქირდვით მოხსენიება ისეთი ნაწარმოებისა,რაც ჩვენ ხალხს წმიდათა წმიდათ აქვს მიჩნეული,ყოვლად მიუღებელია იმგვარ განათლებული,პასუხისმგებელი პიროვნებისაგან,როგორიც ბატონი ლემლეინი ბრძანდება.მე მოვითხოვ,რომ…
- თქვენ,ბატონო ნაფიცო ვექილო,ჩემს შესახებ ვერაფერს ვერ მოითხოვთ.მე კი ამ პოემის გარჩევით მინდა დავამტკიცო,რომ…
- ნუ გადაგაქვთ სულ სხვა საგნზე კამათი.მე იძულებული ვიქნები,რომ თქვენც,ბატონო ბრალმდებელო, და თქვენც,ბატონო ნაფიცო ვექილო,ორთავენი კალაპოტში ჩაგაყენოთ. – დამსწრეთა უმრავლესობაში გაცხოველებული მოძრაობა შეიქნა,ბაგაროდსკის მოუწონეს გაფრთხილება,მაგრამ ბრალმდებელმა,ეტყობა,არაფრად მიიჩნია თავჯდომარის სიტყვები.ის თავისას განაგრძობდა:
- მე სწორედ იმას ვამტკიცებ,რომ თუკი ქართველების ამ წმიდათა წმიდათაში,როგორც აქ ნაფიცმა ვექილმა განაცხადა,ისინი ასეთებად არიან გამოყვანილნი,რა უნდა იყვნენ ისინი თვით ცხოვრებაში?! მე ვამტკიცებ,რომ მათ არც თავიანთ წარსულში გააჩნდათ მორალი და საერთოდ დიდი კულტურული დონე და სწორედ ჩვენ,რუსებმა,ავამაღლეთ ისინი ცოდნით,ზნეობით,ჩვენი შემოერთებიდან დაეტყოთ მათ როგორღაც ადამიანური ნიშანწყალი,მაგრამ,ეტყობა,რომ ჯერ კიდევ ვერ გამოსწორებულან და ისეთივე მხურვალე თავის პატრონებად დარჩნენ,როგორიც იყვნენ აქამდის.ამის მაგალითს დღეს ჩვენი ბრალდებული გვირგვლიანი იძლევა. (ავტორი გენია.ჯი)
ამის შემდეგ ბრალმდებელი გადავიდა თვით მკვლელობის ამბავზე და უფრო იმ ორიოდე მოწმის ჩვენებას დაემყარა,რომლებიც ამტკიცებდნენ,რომ მოკლულის მღელვარე სიტყვები გვირგვლიანის უზრდელი საქციელით იყო გამოწვეულიო.მოწმეები დიდი უმრავლესობის ჩვენებას კი გვერდი აუარა,რადგან ეს არ იყო მისთვის ხელსაყრელი,რადგან ისინი სულ საწინააღმდეგოს ამტკიცებდნენ.
დასასრულ კი ბრალმდებელი პირადადა ბეგლარზე გადავიდა და განაცხადა:
- აბა ერთი შეხედეთ ჩვენს ბრალდებულს! თითქოს ლამაზი,ვითომდა რაინდული,ნამდვილად კი დიდად ველური კავკასიური ჩოხა აცვია და ფეხებიც აქაური წუღა-მესტით აქვს შემოსილი… თვითონ კი მეტად წვრილი,თხასავით ჩამოსხმული ფეხები აქვს და ძალიან მოუხდება ფეხებზე ჯაჭვის ბორკილები,რაც მას სულ ჩხრიალ-ჩხრიალით ჩაიყვანს შორეულ ციმბირში.მაგისთანა ვაჟბატონებს ხომ უყვართ ხმაური,ღრიალი,წკრიალი და გზაში არ მოწყინდება… იქ კი,ყინულოვან ციმბირში,მაგის ცხელი თავი ცოტა გაგრილდება და ეს კარგია.
დარბაზს თითქოს გმინვა აღმოხდაო,ყრუ ზუზუნი გაისმა.თავჯდომარემ ზარი ენერგიულად დააწკარუნა და სიტყვა ქიქოძეს მისცა.
ქიქოძემ დაიწყო:
- მე იძულებული ვარ,ცოტა ხანს ბატონ ბრალმდებლის ზოგიერთ დებულებას გავყვე… ის გვიმტკიცებდა,რომ საქართველო რუსეთთან შეერთებამდე არაფერს წარმოადგენდა და, ეტყობა,ვერ შეითვისეს,თორემ რუსეთმა დიდი სიკეთე უყო საქართველოსო.ბატონი ბრალმდებელი ჩვენში,ეტყობა,ახლად არის ჩამოსული და არ იცის,რომ ჩვენ რუსეთს დიდად ვაფასებთ.მან მოგვანიჭა დამშვიდებული ცხოვრება,გვაზიარა ევროპის კულტურას,ნოგვცა საშუალება გავცნობოდით ჩვენს თავს,ჩვენს ისტორიას,ჩვენს ეროვნულ “მე”-ს,შემოიღო უფრო მტკიცე წესრიგი ადმინისტრაციაში და უფრო ჰუმანური კანონები სამართალში,ვიდრე ჩვენ გვქონდა.ასეთი განათლებული მეზობელი და მფარველი ჩვენ იშვიათად გვყოლია,თუ არ ვიანგარიშებთ შორეულ წარსულში არაბებს და ბიზანტიას.მაგრამ იმათი გავლენა ასეთი შედეგიანი,ასე ახლო განცდილი ჩვენი ხალხისათვის არ ყოფილა… ბატონ ბრალმდებელს უთუოდ მოეხსენება,რომ ჩვენ ვაფასებთ,შევხარით და გვიყვარს პუშკინი,გოგოლი,გრიბოედოვი,ტოლსტოი და სხვა მოწინავე მწერლების მხატვრული ლიტერატურა,მხოლოდ ჩვენი დიდებული რუსთაველის აგდებით ხსენებას აზროვნებაში ვერავის ვერ მოვუტევებთ,თუნდაც ასეთ პასუხისმგებელ პიროვნებას,როგორიც ბრალმდებელია.ეს იმას უთუოდ თავისი დაუკვირებლობით და უვიცობით მოსდის…
აქ დარბაზში მყოფმა მარინამ ვერ მოითმინა და ტაში დაჰკრა,სუსტი იყო,მაგრამ ნელინელ სხვებიც აყვნენ და ეს ტაში საერთო გრიალად იქცა.
კვლავ გაისმა ზარის ხმა: ქიქოძემ განაგრძო:
- ჩვენ დიდად მიჩნეული გვაქვს აგრეთვე ბელინსკი,ჩერნიშევსკი,დობროლუბოვი,როგორც დიდი მოაზროვნეები,რომელთაც დიდი კვალი გაავლეს ჩვენს აზროვნებასა და მწერლობაში,მაგრამ ეს ვითომ განათლებული ცარიზმის მოხელეები,ჩინოსნები ვითომ რას გვერჩიან? რას გვერჩიან-მეთქი,რომ ვამბობ,მხედველობაში მყავს მარტო ბატონი ლემლეინი კი არა,არამედ,სამწუხაროდ,ბევრი სხვებიც,რომლებიც უარყოფენ საქართველოს კულტუროსნობას.ესეთი მიმართულება რუსული პრესის ერთ ნაწილს დაეტყო კიდეც: კატკოვის “მოსკოვსკი ვედომოსტს” და სუვორინის “ნოვოე ვრემიას”.რა დაუშავა იმათ საქართველომ? რად უარყოფენ მის ნაღვაწსა,მის წინანდელ დიდ კულტურას? განა რუსეთის მძლეოსან მსვლელობას ცხოვრებაში ჩვენი ისტორია ხელს უშლის? ჩვენი კულტურა მათსას ჩრდილავს? რა ვუყოთ,რომ ეს წინათ იყო,წინათ,ვიდრე რუსეთი გაერთიანდებოდა ერთ დიდ ერად და გამოვიდოდა ისტორიის შარაგზაზე? განა ჩვენ ამისათვის ჩვენი კარგი რაც გვქონია,არ უნდა დავაფასოთ,მადლობით არ მოვიხსენიოთ?.. მაგრამ რას იზამ? ასეთი ქარი ქრის ამჟამად რუსეთში ჩვენს მიმართ.ამიტომ დღევანდელი გამოლაშქრება ლემლეინისა არ არის გასაკვირი,მხოლოდ ფრიად საწყენი და შეურაცხმყოფელია… (ავტორი გენია.ჯი)
ამ ადგილას დარბაზში უკვე ერთსულოვანი ტაში აგრიალდა.ბაგაროდსკიმ ძლივს დაამშვიდა მღელვარება.
ქიქოძემ შემდეგში განაცხადა,რომ მას არ ესმის ბრალმდებლის ფრაზა “გახურებული თუ მხურვალე თავი”,ესეც მხოლოდ შეურაცხყოფისთვისაა ნახმარი,თორემ ისე თავისთავად არაფრის მთქმელია.ბრალმდებელს აგრეთვე დაუწუნა ის,რომ ის ბრალდებულს მეტისმეტი აგდებით იხსენიებდა.მას უნდა გაემტყუნებინა და არა აეგდო,მაგრამ ესეც იმ ტენდენციის ბრალია,რაზედაც იყო აშენებული საქართველოს მიმართ მთელი შეხედულება ლემლეინისაო.
დასასრულ მან მოითხოვა,რომ მკვლელობისათვის სრული გამართლება არ შეიძლება,მხოლოდ მცირე სასჯელით უნდა დავკმაყოფილდეთ,რადგან ის იძულებული შეიქნა კაცი მოეკლა და არ არის ღირსი ისეთი მკაცრი სასჯელისა,როგორიც ბრალდებელმა მოითხოვა – ოცი წლით კატორღის მისჯაო.
სიტყვა მისცეს ბეგის.
მან სხვათა შორის დინჯად,მაგრამ მრისხანედ თქვა:
- მე ვაღიარე და ახლაც ვაღიარებ,რომ მე მოვკალი ვოლკოვი,მაგრამ დამნაშავედ თავს სრულიად არა ვგრძნობ: მან შეურაცხყო ჩემი ქვეყანა,ამისთვის სასჯელის ღირსი იყო და მეც დავსაჯე.ცოცხალი რომ იყოს და კიდევ გაიმეოროს მისი უხეში სიტყვები ჩემი სამშობლოს შესახებ,ხელახლა მოვკლავ… – აქ ცოტა შედგა,შემდეგ განაგრძო: – თან მივაყოლებდი დღევანდელ ჩემს ბრალმდებელს,პროკურო ფონ ლემლეინს. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის,სამშობლოს შეურაცხყოფისათვის მკვლელად ქცეულ დიდ ქართველს – ბეგი გვირგვლიანს სასამართლომ ოთხი წლით ტუსაღთა გამასწორებელ რაზმში ყოფნა მიუსაჯა. – (ავტორი გენია.ჯი)