პუმიპონ ადულიადეტი – “ეპიზოდი”
2002 წელს სამხრეთ აზიის ცენტრში მდებარე ტაილანდის სამეფოს მეფემ – პუმიპონ ადულიადეტმა ქუჩიდან აიყვანა ძაღლი, რომელსაც სახელად – ტონგაენგი უწოდა. ცხოველების მოყვარულ ტაილანდელ მონარქს იმდენად შეუყვარდა თავისი ოთხფეხა მეგობარი, რომ მის შესახებ დროთა განმავლობაში წიგნიც კი დაწერა. წიგნი, რომელიც თავის მხრივ, უმალვე იქცა ქვეყანაში ბესტსელერად. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით, ერთ-ერთმა ტაილანდელმა მოქალაქემ – ტარაკონ სირიპაიბუნმა ინტერნეტში (ფეისბუკზე) განათავსა სარკაზმით გაჯერებული პოსტი, რომელიც მეფის საყვარელი ძაღლის – ტონგაენგისადმი იყო მიძღვნილი. პოსტის გამოქვეყნებიდან უმოკლეს პერიოდში ტარაკონი ტაილანდის სამეფოს უშიშროების სამსახურმა საკუთარ სახლში დააკავა და იგი სამხედრო სასამართლოს გადასცა. მას ბრალი წაუყენეს მეფის შეურაცხყოფასა და ადამიანებისადმი მავნებლური ქმედებების ჩადენისაკენ მოწოდებაში. საინტერესოა ის გარემოება, რომ – ტონგაენგზე მიძღვნილი სარკაზმული პოსტის გამო, ავტორს 37 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გასულ წელს დიდი მსჯავრი დასდეს ერთ-ერთ ცნობილ ტაილანდელ მეცნიერს, რომელმაც 400 წლის წინათ გარდაცვლილ ტაილანდელ მეფეზე დააფიქსირა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება, სავარაუდოა, რომ სირიპაიბუნსაც მისი სწავლული თანამემამულის მსგავსად, საკმაოდ ხანგრძლივი ვადით ელის თავისუფლების აღკვეთა. ტაილანდის სამეფოში მოქმედი უმკაცრესი კანონების თანახმად, კატეგორიულად იკრძალება არა მხოლოდ მეფის, დედოფლის, რეგენტისა და ზოგადად, სამეფო ოჯახის წევრების მიმართ უარყოფითი აზრის დაფიქსირება, არამედ მათ მფლობელობაში მყოფი ცხოველების გაქილიკებაც კი. ტარაკონ სირიპაიბუნის ადვოკატის აზრით, სამეფოში მოქმედი ასეთი სახის კანონმდებლობა სრული ნონსენსია და იგი აუცილებლად უნდა შეიცვალოს. თუმცა ხელისუფლება მის მოსაზრებას არად დაგიდევთ. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ზემოთგანთავსებულ სურათზე გამოსახულია ტაილანდის მეფე პუმიპონ ადულიადეტი და მისი საყვარელი ძაღლი – ტონგარნგი.