გერნიკას დაბომბვის ისტორიიდან…
1937 წლის 26 აპრილს ბასკეთის ისტორიული ქალაქი ესპანეთში – გერნიკა, გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების – „ლუფტვაფეს” შემადგენლობაში შემავალმა „კონდორის ლეგიონმა” დაბომბა. (ავტორი გენია.ჯი) ესპანეთის სამოქალაქო ომის მიმდინარეობის ჟამს, ესპანეთის მემარჯვენე ძალებისადმი მხარდაჭერის ნიშნად, ჰიტლერმა ბრძოლაში ჩაბმულ გენერალ ფრანკოს სამხედრო დახმარება აღმოუჩინა და რესპუბლიკური მთავრობის ხელში მყოფი პატარა პროვინციული ქალაქი გენრიკა მოულოდნელი საჰაერო თავდასხმის შედეგად მიწასთან გაასწორა. გარდა იმ 3 700 მაცხოვრებლისა, რომლებიც გერნიკაში ბინადრობდნენ, ქალაქში იმყოფებოდა რესბუბლიკური არმიის ჯარისკაცებიც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ქალაქის ტერიტორიაზე სამი საწარმო იყო განთავსებული, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი საავიაციო ბომბებსა და სხვადასხვა სახეობის ცეცხლსასროლ იარაღს აწარმოებდა. იმ პერიოდისათვის კი, საავიაციო ბომბების მწარმოებელი ორად ორი საწარმო ფუნქციონირებდა ესპანეთში. გარდა ამისა, ქალაქში განთავსებული იყო სტრატეგიულად მეტად მნიშვნელოვანი ხიდი. ამ მიზეზთა გამო, გერნიკა გერმანულმა ავიაციამ მიწასთან გაასწორა, რასაც შედეგად ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა. ცნობილია ისიც, რომ გერნიკას 600 მოქალაქე ბილბაოს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. პატარა ესპანური ქალაქის დასაბომბად „ლუფტვაფემ” სამხედრო-საჰაერო ძალების უახლესი ტექნიკა გამოიყენა. მათ შორის სამმატორიანი – „იუნკერს იუ 52″. ამ სამხედრო მანევრით ნაცისტურმა გერმანიამ ორი კურდღლის დაჭერა სცადა: ერთი რომ, ფრანკოს სახით ძლიერ მოკავშირეს შეიძენდა და მეორეს მხრივ, რეალურ საბრძოლო პირობებში გამოცდიდა ახალ გერმანულ საბრძოლო ავიაციას.
გერმანული ავიაციის მიერ მოწყობილი დაბომბვის შედეგად გერნიკაში შენობა-ნაგებობების 75 % განადგურდა. ამ საშინელმა მოვლენამ მსოფლიოში დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია. ცნობები გერნიკას განადგურების შესახებ „თაიმსისა” და სხვა პოპულარული ჟურნალ-გაზეთების პირველ ფურცლებზე დაიბეჭდა. აღნიშნულ მოვლენას გენიალურმა ესპანელმა მხატვარმა – პაბლო პიკასომ მიუძღვნა თავისი სახელგანთქმული ტილო, სახელწოდებით – „გერნიკა”, რომელიც ავტორმა 1937 წლის მაისში დახატა ესპანეთის რესპუბლიკური ხელისუფლების შეკვეთის საფუძველზე (ამბობენ, რომ პიკასო დღე-ღამეში საშუალოდ 12-14 საათს ატარებდა იმ პერიოდში მოლბერტთანო).
მას შემდეგ, რაც „ლუფტვაფეს” ახალმა თვითმფრინავებმა გერნიკა „წარმატებით” აღგავეს პირისაგან მიწისა, „კონდორის ლეგიონის” მეთაურმა თავის ხელმძღვანელობას ერთობ ლაკონური ტექსტით უპატაკა მიღწეული შედეგი: „სრული ტექნიკური წარმატება!” – (ავტორი გენია.ჯი)