ამონარიდი გიორგი კეჭაღმაძის მოთხრობიდან – „რად არა მცემდიან”
„ვაჟკაცი კი არა, თხლე ვარ… დიდი ბოდიში ამ სიტყვისათვის. ერთი ამხანაგი მყავდა, ჩემთან იჯდა მერხზე, როსტომა ნიორაძე, კი გეხსომებათ. ვინ არ იცნობს ახლა როსტომას, პროფესორია კაცი. მე რომ ერთს გადავავლებდი თვალს გაკვეთილს, იგი თხუთმეტჯერ წაიკითხავდა და, თუ დამიჯერებთ, მე ვპასუხობდი მასწავლებელს უკეთესად. მარა ცხოვრებაში მაინც მაჯობა კაცმა… რით, არ იკითხავთ? ორიანს რომ მიიღებდა, მამამისისაგან იმ დღეს გვარიანი ცემა-ტყეპა ჰქონდა გამოწერილი. ისე ურტყამდა, ისე გაიმეტებდა, სიგრძეს სიგანედ მოუქცევდა. ან მოკვდი, ან ისწავლეო. მერვეში რომ გადავედი და ორიანებიც მომიმრავლდა, მამაჩემმა მითხრა, მაგისთვის დროის კარგვა რა ვაჟკაცობააო, ჩემთან წამოდი, ხელობა ისწავლეო. წამიყვანა და შემსვა ღოჯეზე. მე, სულელი, ვამაყობდი, კაცი ვარ და კაცურ საქმეს ვაკეთებ-მეთქი. სად ხარ, თურმე, რა ყრია ეჩოსა და ქუშტარაში. როსტომამაც დააპირა მერვე კლასიდან გამოსვლა, საზღვაო სასწავლებელში გამიშვითო, ეხვეწებოდა მშობლებს. მამამისმა უთხრა, გიჩვენებ მე შენ ზღვასო, მაინცდამაინც წყალში გინდა რომ დაიხრჩოო, დაგახრჩობ აგერ ბარემ ჩემი ხელით, ზღვაში საძებარი აღარ მეყოლებიო. ჩაასხა მოზრდილ ტაშტში ორი ვედრო წყალი, ჩააყოფინა შიგ როსტომას თავი და, ახრჩობდა კაკალ კაცს. რაღას იზამდა საწყალი ბიჭი, გააგრძელა სწავლა. დაამთავრა სკოლა და შევიდა უმაღლესში. პროფესორია დღეს. ამასწინათ შეხვედრა მოვაწყვეთ, სკოლის დამთავრების ოცი წლის თავი. მიმიპატიჟეს ტყუილად, სამადლოდ, თორემ მე ხუთი წლის მერე ძლივს დავამთავრე საღამოს სკოლა. ამხანაგები იყვნენ მაინც და აღარ გამომტოვეს, მაგრამ ვის ვუჩანდი თვალში. როსტომა კი სუფრის თავში იჯდა გაბღენძილი. შვიდჯერ მაინც ადღეგრძელეს, სკოლა, კლასი, სოფელი, რაიონი ასახელაო…” „იქნება მაინც მეზღვაურობა ერჩივნა?” – არ ვკითხე გგონიათ? სულელი ვიყავიო, მითხრა, დავდივარ ამ დალოცვილ მიწაზე მშვიდობიანად და ქე ვარო. მამაჩემს ვენაცვალე იმ კოჟრიან ხელებშიო… ჩემს საქმეს რაღა ეშველება ახლა, თორემ ჩემს შვილებს არ ვათქმევინებ ჩემზე აუგს. არ დავტოვებ უსწავლელს. აბა, ერთი ნუ ისწავლიან, ნუ დამიჯერებენ და როსტომას რომ შეახურებდა მამამისი, ის მონაგონი იქნება…” – (ავტორი გენია.ჯი)