ხოსე მარტი – “იქ სადაც სისხლისფერია”
იქ,სადაც სისხლისფერია
მთებში დაისი ქოხთან,
ეს სიზმარივით ზღაპარი
სინამდვილეში მოხდა:
გვატემალელი გოგონა
სიყვარულისგან მოკვდა.
თეთრი შროშნები უბეში,
ლურჯი ზამბახი გვერდით…
წევს აბრეშუმის კუბოში,
ვემშვიდობებით სევდით…
…დიდხანს ელოდა დანიშნულს
სატრფო ნაზი და კოხტა,
ვაჟმა გასცვალა სხვაში და
ის – სიყვარულით მოკვდა.
ჭირისუფლები მღვდელმთავარს
ამოსდგომიან მხარში,
მიცურავს კუბო ხალხის და
ჭრელი ყვავილის ზღვაში.
…შინ ვაჟი ცოლით დაბრუნდა,
ქალს – გულში ტყვიად მოხვდა,
ეწვია,ნახა დარწმუნდა
და… სიყვარულით მოკვდა.
…ვკოცნი გაყინულ წარბ-წამწამს,
ვაი,რა ფრთხილად ვკოცნი!
ვაი,რარიგად მიყვარდა
იგი – ტურფა და ნორჩი!
…დილით იპოვეს იქ,სადაც
მდინარე ტინებს ლოკდა,
თქვეს: გაცივდაო! – ო,არა,
ის – სიყვარულით მოკვდა.
საღამოს მწუხრში საფლავთან
მიჭვრეტენ მგლოვიარეს. -
თეთრ ქოშებს როგორ ვუკოცნი
კუბოში მწოლიარეს…
…როცა დაეშვა ჯანღი
და მოსახდენი მოხდა,
დავემშვიდობე გოგონას,
ვინც სიყვარულით მოკვდა.