“ბელჟეცის საკონცენტრაციო ბანაკი” - წარმოადგენდა ერთ-ერთ უსაშინლეს “სიკვდილის ბანაკს”,რომელიც “თამამად” იკავებს ადგილს ისეთი საკონცენტრაციო ბანაკების გვერდით,როგორებიც იყო – ოსვენციმი,დაჰაუ,ბუხენვალდი,აუშვიცი და სხვა.იგი განთავსებული გახლდათ ოკუპირებული პოლონეთის ტერიტორიაზე,ლუბლინის სავოევოდოს სოფელ ბელზეცში და მოქმედებდა 1939-1943 წლებში. (ავტორი გენია.ჯი) სოფელ ბელჟეცის შესახებ ცნობები ჯერ კიდევ XV საუკუნიდან არის ცნობილი.აღნიშნულ სოფელში ებრაელები XVI საუკუნეში გამოჩნდნენ.მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში სოფლის მოსახლეობის ნახევარზე მეტს 4500 მაცხოვრებლიდან,სწორედ ებრაელი ერის წარმომადგენლები შეადგენდნენ.პოლონეთის სახელმწიფოს “განაწილების” შემდეგ 1939 წელს,ფაშისტურ გერმანიასა და კომუნისტურ საბჭოთა კავშირს შორის,ნაცისტურმა გერმანიამ (რომლის დაქვემდებარებაშიც აღმოჩნდა აღნიშნული სოფლის ტერიტორია),მასში დაიწყო “ბანაკის” მშენებლობა.1940 წელს,”ბელჟეცის ბანაკის ტერიტორიაზე” 11 000 პატიმარი იმყოფებოდა,მათ შორის – ბოშები,ებრაელები და სხვა ერის ხალხი.პატიმართა ძირითად მოვალეობას,თავდაპირველად საბჭოთა კავშირისა და გერმანიის საზღვრის (პოლონეთის ტერიტორიაზე) ტანკსაწინააღმდეგო ველების აგება წარმოადგენდა.1941 წელს კი ბანაკის ტერიტორიაზე დაიწყო “საკონცენტრაციო სისტემის” ანუ “სიკვდილის ბანაკის” აგება და შექმნა,რომელიც 1942 წლის თებერვალში დასრულდა.ბანაკის ტერიტორიაზე ადმინისტრაციული შენობების გარდა,აგებულ იქნა პატიმრებისათვის ბარაკები,სამი გაზის კამერა (მოგვიანებით კიდევ სამი დაემატა) და სხვა შენობა-ნაგებობები,რომლებიც მისი ფუნქციონირებისათვის იყო საჭირო.ბანაკის სიახლოვესვე გადიოდა სარკინიგზო ხაზი,რომელიც მას ლუბლინთან აკავშირებდა.
1942 წელს,პირველად გამოიცადა ბელჟეცში გაზის კამერები ადამიანებზე,რა დროსაც განადგურებულ იქნა რამდენიმე ჯგუფი ებრაელი ხალხისა.ეს გახლდათ სწორედ ის ჯგუფები,რომელთაც ფაშისტებმა ააგებინეს “საკონცენტრაციო ბანაკი”.1942 წლის მარტიდან ”სიკვდილის მანქანა” ბელჟეცში მთელი დატვირთვის ამუშავდა და მხოლოდ მარტის თვეში 80 000 ებრაელი იქნა განადგურებული.სისტემა ბანაკისა ისეთივე გახლდათ,როგორიც სხვა საკონცენტრაციო ბანაკებისა.იყო დღეები,როდესაც 5 ეშელონითაც კი ჩამოჰყავდათ ფაშისტებს გაუბედურებული ხალხი,სხვადასხვა რეგიონებიდან სიკვდილით დასასჯელად.სელექცია შედგებოდა – მამაკაცების,ქალებისა და ბავშვების განყოფილებებისაგან.ბანაკში ახალ ჩამოსულებს ადმინისტრაცია უცხადებდა,რომ “ბელჟეცი” იყო მხოლოდ სატრანზიტო დანიშნულების ბანაკი,საიდანაც მათ შრომა-გასწორებით ბანაკებში გადაანაწილებდნენ და თითქოს დეზინფექციის მიზნით,სრულიად შიშვლებს გაზის კამერებში ერეკებოდნენ.საერთო ჯამში,”ბელჟეცის საკონცენტრაციო ბანაკის” ფუნქციონირების პერიოდში,განადგურებულ იქნა მინიმუმ 434 500 ადამიანი,ხოლო ათეულ ათასობით კი დაინვალიდებული.სხვა მონაცემების თანახმად ამ საშინელ ბანაკში მოკლულ იქნა 600 000 ებრაელი და 2 000 ბოშა.ბანაკის კომენდატი თავდაპირველ პერიოდში გახლდათ,თავისი სისასტიკით განთქმული სს-ის შტურმბანფიურერი და პოლიციის მაიორი – კრისტიან ვირტი,რომელიც 1944 წელს იუგოსლაველი პარტიზანების მიერ იქნა მოკლული.მის შემდგომ კი – გოტლიბ გერინგი.
1943 წელს,ფაშისტების მიერ ამოღებულ იქნა საფლავებიდან ყველა მათ მიერ მოკლული ადამიანის ცხედარი,რის შემდეგაც მათი ცხედრები დაწვეს.საბოლოოდ ექსპლუატაცია “ბელჟეცის საკონცენტრაციო ბანაკმა” 1943 წლის ივნისის თვეში შეწყვიტა,ხოლო 1945 წლის 12 იანვარს სოფლის ტერიტორიაზე საბჭოთა ჯარები შევიდა.
დღესდღეობით ბანაკის ტერიტორიის ნაწილზე აგებულია ბანაკის მსხვერპლთა მემორიალი,სადაც დარგული იქნა მრავალი ხე და ბუჩქი,ხოლო ნაწილზე კი სოფლის სამეურნეო ფერმაა განთავსებული.
“ბელჟეცის საკონცენტრაციო ბანაკი” ერთ-ერთი ნათელი მაგალითია გერმანელ ფაშისტთა მიერ,კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უსაშინლესი დანაშაულისა და იგი დღესაც უაღრესად უარყოფით აურას არღრავს,ყველა საღად მოაზროვნე ადამიანში. (ავტორი გენია.ჯი)