ამონარიდები ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობიდან – „მაგნოლიის ყვავილი ანუ ბებია ანას გარდაცვალება”
„ყველა” მთლად ზუსტად არასდროს უდრის ყველას”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ცხოვრების ოღრო-ჩოღროებში სოციალური საფეხურები ყოველთვის მკაფიოდ ჩანს”.
* * *
„გასაკვირი არაფერია: ადამიანის ბუნება სუსტია და მერყევი; ასეთი შეგვქმნა ღმერთმა”.
* * *
„საზოგადოდ, გაკვირვებული კაცი ხარისხობრივად უფრო დაბლა დგას, ვიდრე ის, ვინც გაკვირვებული არ არის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„გარდაცვალება, ვიწრო გაგებით, მხოლოდ ერთი მონაკვეთია იმ დიდი და რთული სამყაროული ხდომილებისა, რაც ამ ცნებაში იგულისხმება”.
* * *
„თუ ჩავუკვირდებით, ხანგრძლივ სიცოცხლეს ერთი ის კარგი თვისებაცა აქვს, რომ გასვენებაში მოსულ საზოგადოებას პირობითობის ზოგიერთ ბორკილს ვხსნით და გარკვეულ თავისუფლებას ვანიჭებთ (თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამ თავისუფლების ზომიერ გამოყენებასაც ვავალებთ). მართლაცდა, ატმოსფერო, რომელიც ყოველ კონკრეტულ გასვენებაში სუფევს, ძალიან დიდ წილად განპირობებულია მიცვალებულის ასაკით. როცა ისეთი ადამიანის გასვენებაში მიდიხართ, რომელმაც უკვე მოასწრო ცხოვრებასთან ყველა – თუ ყველა არა, უმეტესობა მაინც – თამასუქის განაღდება, გზა ბოლომდე გალია და მშვიდობიანად შეერთო მარადისობას, თქვენც მშვიდი ხართ, დაუძაბავი, სრულიად თავისუფალი „ნწუ-ნწუ”-სა და სხვა ყალბი წამოძახილებისაგან, შეგიძლიათ შუბლი გახსნილი იქონიოთ, ახლობლებთან საუბარში მთელი არსებით ჩაებათ და ერთი-ორი ჭიქა ღვინო იმაზე მეტად დალიოთ, ვიდრე ვარაუდობდით”.