არისტოტელე – „ეპიზოდი”
ალექსანდრე დიდის ლეგენდად ქცეული მასწავლებელი და ამავე დროს, თავად, პლატონის მოწაფე, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისა და ფორმალური ლოგიკის ერთ-ერთი უდიდესი ძველ ბერძენი ფილოსოფოსი-ფუძემდებელი – არისტოტელე (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები), ქალკედონის ნახევრაკუნძულზე განთავსებულ ანტიკური ხანის მაკედონიურ ქალაქ – სტაგირში მოევლინა ქვეყნიერებას. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად მაკედონიაში დაბადებისა, დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც არისტოტელე სუფთა სისხლის ბერძენი იყო. მამა – ნიკომაქოსი მაკედონიის მეფის ამინტასის არა მხოლოდ პირადი ექიმი, არამედ ახლო მეგობარიც გახლდათ. ამ კაცის დიდ ინტელექტზე მეტყველებს ის გარემოება, რომ, მან თავის შეგნებული ცხოვრების განმავლობაში 6 წიგნი მიუძღვნა მედიცინას და 1 წიგნი ნატურფილოსოფიას. მათ ოჯახსა და გვარში დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, შვილს დაწყებითი განათლება მამამ მიაღებინა. იგი არც შემდგომში შეწყვეტდა ამას, რომ არა ნიკომაქეს მოულოდნელი გარდაცვალება.
სამწუხაროდ, არისტოტელემ მამის მსგავსად, დედაც არასრულწლოვანების ასაკში დაკარგა. ფილოსოფოსის დედის – თესტიდას შესახებ ცნობები ძალიან მწირია. ერთი რამ, რაც დადასტურებით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ ქალის მშობლიურ ქალაქს კუნძულ ევბეაზე განთავსებული ისტორიული ქალაქი – ქალკისი წარმოადგენდა.
ობლად დარჩენილ ბავშვზე მზრუნველობა საკუთარ თავზე არისტოტელეს უფროსი დის – არიმნესტას ქმარმა (არისტოტელეს სიძემ) – პროქსენემ აიღო. ამ დიდბუნებოვანი კაცის მიერ ობლად დარჩენილი ცოლის ძმის მიმართ გამოჩენილ მეურვეობას მართლა რომ შეიძლება უწოდო კაცმა - სამაგალითო. პროქსენე არაფერზე იხევდა უკან (მათ შორის არც ფინანსურად), რათა სათანადო აღზრდა-განათლება მიეცა ყმაწვილი არისტოტელესათვის.
მას შემდეგ, რაც იგი 17 წლის გახდა, იმისათვის, რომ უმაღლეს განათლებას სათანადოდ დაუფლებოდა, პროქსენემ არისტოტელე იმ პერიოდის მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს საგანმანათლებლო ცენტრში – ათენში გაგზავნა სასწავლებლად. ათენში ჩასულმა, იგივე პროქსენეს წყალობით პლატონის დიდებულ აკადემიაში განაგრძო სწავლა. განაგრძო და, რა შედეგებსაც მიაღწია, ყველასათვის კარგად არის ცნობილი.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით დგინდება, რომ არისტოტელეს – „არისტოტელედ” ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი დაუდვია თავის დროზე მის უკეთილშობილეს სიძეს – პროქსენეს. – (ავტორი გენია.ჯი)