კირიბატის რესპუბლიკა – „ეპიზოდები”
1. წყნარ ოკეანეში არსებული კუნძულოვანი სახელმწიფო – კირიბატის რესპუბლიკა, ერთადერთი ქვეყანაა დედამიწაზე, რომელიც ჩვენი პლანეტის ოთხივე ნახევრსფეროშია ერთდროულად განთავსებული. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, კირიბატის რესპუბლიკა კუნძულოვანი სახელმწიფოა. მისი ტერიტორია 33 ატოლს ანუ 33 მარჯნის კუნძულს მოიცავს, რომელთაგანც 20 დაუსახლებელია. ის კი არადა, ქვეყნის დედაქალაქი – სამხრეთი ტარავაც კი (50 182 მოსახლით), რამდენიმე პატარა კუნძულზეა გაშენებული.
* * *
3. მიუხედავად მცირე ტერიტორიისა (საერთო ფართობი 812 კვადრატული კილომეტრი), ამ გასაოცარი ქვეყნის შემადგენლობაში შედის ყველაზე დიდი მარჯნის კუნძული მსოფლიოში, სახელწოდებით – „კირიტიმატი”, იგივე – „შობის კუნძული”. ცნობისათვის, აღნიშნული კუნძული სახელოვანმა ინგლისელმა მეზღვაურმა და მკვლევარმა – ჯეიმზ კუკმა აღმოაჩინა 1777 წლის ქრისტეშობა დღეს.
* * *
4. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ჩვენს პლანეტაზე „ახალი წელი” კირიბატის რესპუბლიკის შემადგენლობაში არსებულ „შობის კუნძულზე” დგება ყოველთვის პირველად.
* * *
5. გაგიკვირდებათ და, კირიბატის ტერიტორიაზე განთავსებულია ისეთი ცნობილი სახელწოდების მქონე დასახლებული პუნქტები, როგორებიცაა – პარიზი და ლონდონი. გარდა ამისა, იქვე ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტს – პოლონეთიც კი ჰქვია. თუმცა სამივე მათგანი პატარა სოფლებს წარმოადგენენ და არც ქალაქებთან აქვთ რაიმე საერთო და მით უმეტეს, არც სახელმწიფოებთან. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ქვეყნის ყველაზე მაღალი წერტილის სიმაღლე – 81 მეტრია ზღვის დონიდან და იგი კუნძულ ბანაბაზეა განთავსებული.
* * *
7. ნიშანდობლივია, რომ კირიბატის რესპუბლიკა გახლავთ ის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე ნაკლებად სტუმრობენ ტურისტები მსოფლიოს მასშტაბით.
* * *
8. კირიბატის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არც ერთი მდინარე არ მიედინება.
* * *
9. კირიბატის რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა ბრიტანელებისაგან 1979 წელს მოიპოვა.
* * *
10. ქვეყანას ერთადერთი ოფიციალური დიპლომატიური წარმომადგენლობა გააჩნია და ისიც წყნარი ოკეანის აუზში არსებულ ფიჯის რესპუბლიკაში. სხვა სახელმწიფოებში კირიბატის დიპლომატიური საქმეებით გაერთიანებული სამეფოს საკონსულოები არიან დაკავებულნი. – (ავტორი გენია.ჯი)
სამხრეთი ტარავა (კირიბატის დედაქალაქი)
შობის კუნძული