უილიამ შექსპირი – “სონეტი LXXIV”

რადგან ჯერ ტყვე ვარ წუთისოფლის მუხთალი ჟამის,

რადგან ჯერ გიძღვნი სიყვარულით სავსე სტრიქონებს,

რადგან სულ მალე მეც მომისჯის სიკვდილის წამი

მოუსავლეთის საპატიმრო ქორონიკონებს.

***

რადგან ჯერ მწყალობ,მენდობი და მეამაგები,

რადგან სიკეთის დასაბამი ჩემში გინახავს,

მიწამ წაიღოს ჩემი ტანი,მიწით ნაგები,

სული კი ლექსში მხოლოდ შენთვის შემომიმნახავს.

***

მე უკვე ვხედავ ჟამთასრბოლის უძირო ფსკერზე,

რომ ილექება ამღვრეული ჩემი ცხოვრება,

რომ ღატაკივით გადმომდგარა სიკვდილი სერზე

და ჩემს დარჩენილ ორ დღესაც კი მემათხოვრება.

***

მიწამ თავისი მიიბაროს,დრომაც თავისი,

ჩემი სული კი შენია და სხვა არავისი!