მორის ფოცხიშვილი – “სიყრმის სიბერე”
მე მოვისრულე ჩემი ომები,
დრო მაინც მიყეფს,როგორც ფინია,
არ მეშინია მშიერ ლომების,
მაძღარი ძაღლის კვლავ მეშინია…
***
და მაინც შენთან,როგორც კლოუნი
არ მოვალ ახლა ფერად ცრემლებად,
ჩემს ბებერ ლომებს თვითონ მოვუვლი,
ბებერ მელიებს რა ეშველება.
***
ვგრძნობ,მაყურებლის გულთბილ სიცივეს,
თუთიყუშები მხრებზე მიზიან,
რეტუშირებულ ღიმილს ვიცილებ,
რადგან სიცილი მეც შემიძლია.
***
მეც შემიძლია ქარიშხალივით
დავლეწო ის,რაც მხოლოდ ჩინია,
არ მეშინია რკინის გალიის,
ოქროს გალიის კვლავ მეშინია.
***
და ღამე,როგორც ეშმა ორგული,
სულში კვლავ ტოვებს იჭვებს მძევლებად,
სიბერის სიყრმეს კიდევ მოვუვლი,
სიყრმის სიბერეს თუ ეშველება.