სოკრატეს ფილოსოფიიდან…
“გონიერებასა და სიქველეში გამოუცდელი კაცი,მთელ თავის დღეს და მოსწრებას ლხინსა და ღრეობაში ატარებს,რის გამოც იგი თანდათან დაბლა ეშვება,რათა შემდეგ კვლავ შუა ნიშნულამდე ამაღლდეს, და ასე წლიალებს მთელი სიცოცხლის განმავლობაში.ის ვერასოდეს გასცდება ამ ზღვარს,რადგანაც არასოდეს უხილავს ჭეშმარიტად ამაღლებული და არც არასოდეს ამაღლებულა მის მწვერვალამდე,არც ნამდვილად ავსებულა ნამდვილით და არ უგემია წმინდა და სანუკვარი სიამოვნება.არა,ის და მისი მსგავსნი პირუტყვებივით თავდახრილნი დასჩერებიან მიწას და სუფრას,პირუტყვებივით ძოვენ,მუცელს აღორებენ ქონმორეულნი,ერთმანეთს თანაეყოფიან,სიხარბით გაშმაგებულნი წიხლებს უშენენ,რკინის რქებით რქენენ და ჩლიქებით სასიკვდილოდ ქელავენ ერთიმეორეს,რათა დაიცხრონ თავიანთი უძღები ჟინი,რადგან ვერც ნამდვილ საზრდოს სთავაზობენ თავიანთ ნამდვილ საწყისს და ვერც თავიანთ ამოუყორავ ფაშვებს ავსებენ.
განა მათში სიამოვნებას გარდუვალად არ ერწყმის ტანჯვა? მაგრამ ყველა ეს სიამოვნება მხოლოდ ფერმკრთალი ლანდი და უღიმღამო მონახაზია ჭეშმარიტი სიამოვნებისა,თუმცა მისი მეოხებით იძენენ საიმისო ძალას,რომ სიყვარულის სამხილით აღაგზნონ უგუნურთა გულები,ვნებით აბორგებულები რომ ერკინებიან ერთმანეთს,რათა დაეუფლონ თავიანთ სურვიელი ლტოლვის საგანს,როგორც,სტესიქორეს მიხედვით,ტროას გალავანთან მშვენიერი ელენეს ლანდისათვის იბრძოდნენ გმირები,რომლებისთვისაც დაფარული რჩებოდა ჭეშმარიტება.
შეგვიძლია თუ არა,ვამტკიცოთ,რომ ვერცხლისმოყვარეობისა და ძლევის ტრფიალის შესატყვისი სურვილები,როცა ისინი ცოდნასა და ლოგოსს ექვემდებარებიან და მათთან ერთად მიელტვიან სიამოვნებას,რასაც კეთილგონიერება უჩვენებთ, – კიდევაც ტკბებიან ამ სიამოვნებით,რადგანაც ნამდვილი სიამოვნებით ტკბობა შეუძლია მხოლოდ იმ ხალხს,ვინც ჭეშმარიტებას ესწრაფვის.ყველა ეს სიამოვნება შეიძლება მათ შესაბამის სიამოვნებად იქნეს მიჩნეული,რადგან ვისთვისაც რა არის უკეთესი,იგივეა მისთვის შესაბამისიც”. (ავტორი გენია.ჯი)