ვაჟა ფშაველა – “პოეტური აღსარება”

შენ ჩემო წინამორბედო,

უძვირფასესო პაპაო,

შენს აჩრდილს ვეამბორები,

ლექსიც რამ დამიჩხაპაო.

ნეტა რას მემუდარება,

მე რა გიამბო,აბაო ,-

ნამდვილო მამულიშვილო,

სამშობლოს ეკლით მკაფაო.

პოეტად ვიხსენიები,

თუმცა ხარი ვარ ლაბაო;

ჩემისთანები ბაგებზე

ასი,ათასი აბაო.

თან-ფეხშიშველი დავდივარ,

ცოლს არ მიცვია კაბაო;

შენის ცრემლებით მოვხარშე

ჩემი გრძნობების ფაფაო,

ამგვარი საჭმლის კეთებას

დიდი სდომნია ჯაფაო.

გავუღე სული და გული,

როდის ხანია ვყლაპაო,

გაუთავები გამოდგა,

არც დამკარგვია მადაო,

ვიცი,არ გამიჯავრდები

და არცა მკითხავ,რადაო?

მას აქეთ ჩონგურს ვაჟღერებ,

თანაც ლექსებსა ვჩმახაო.

ჩუმ-ჩუმად კიდეცა ვსტირი,

რა დაგიმალო,მნახაო?

იქნება მადლობელიც ხარ,

იქნება არა მძრახაო?

მიშველეთ,შენ და შოთამა,

მგოსნობა გამიძრახაო,

გული დადნა და დანავლდა,

მიხმება,შრება ხახაო.

დაჩოქილი ვარ თქვენ წინა,

ვით ერთი ვინმე გლახაო,

მიშველეთ,მომაკვლევინეთ

ლელო,რაც დამისახაო,

მაშინ თქვენს ნათელ სახეებს

მეც პირნათლადა ვნახაო!…