აკაკი წერეთელი – “პატრიოტის აღსარება”
ვინ სთქვა,რომ მე,პატრიოტი არა ვარ? მიუქარავს!… ეტყობა,ან სადილობამდის მოთრეულა ჩემთან და ან ნასადილევს მოხეტებულა… უდროოდ უვლია!.. აბა,თქვენი ჭირიმე,სადილობამდის,როცა მუცელი ცარიელია,ვისა სცალია საპატრიოტოდ და ან ნასადილევს,კუჭდამძიმებულზე,რაღა დროს პატრიოტობაა?!
არა… იმ დროს მობრძანდეს,როდესაც მე,მამა-პაპურად ფეხმორთხმულს,წინ მიფენია ქართული სუფრა მაისის სასდილო სამკაულებით:ცხელ-ცხელი პურები,ცივი ღვინო,აქა-იქ ახირებულად მიყრილ-მოყრილი მწვანილი,ახალი თევზი,მოთალი,ზედ ტარხუნით თავწახურული,საიდამაც ის შეჩვენებული ძროხის მოსაკითხი ისე გამოიყურება,თითქოს პირს სიცილით ეუბნებოდეს:გამიღე კარები,კბილები მაჩვენეო და იმავ დროს მოშუღლული ტარხუნაც ზევიდან დასჩურჩულებდეს:სად მიდიხარ? ვერ გაგიშვებ!იქაც ქვეშ უნდა მოგიქციო და თავზე დაგაწვეო!სადაც ჩახვალ,მეც იქა ვარო და სხვა.აი დრო,როდესაც ჩემს გულში იღვიძებს პატრიოტული გრძნობა და ჩემი ნაციონალური მადა კუჭში იდგამს სამეფო ტახტსა!
მაშინ მეც მომწონს ქართველობით!.. (ავტორი გენია.ჯი)
განა შემიძლია შუშხუნა მწვადის ყურება ისე,რომ პირი პატრიოტული ნერწყვით არ მევსებოდეს? როდის გადამიკრავს კახური ღვინო ისე,რომ ჩვენი წინაპრების შესანდობარი არ ყოფილიყოს? ჯერ კიდევ შუა სმაშიაც არა ვარ ხოლმე,რომ ჩემი ქვეყნის მტრები თვალწინ მელანდებიან და ,მაშინ მეც თავი ვეღარ შემიმაგრებია,გაბრაზებული ზევით ჭერს ქუდსაც ვკრავ ხოლმე და ძირს სუფრაზე წითელ ღვინოს ვანთხევ.
დიახ!.. ამგვარად ხშირად აღვძრულვარ,აღვშფოთებულვარ და მაშ ვისღა შეუძლია სთქვას,რომ მე პატრიოტი არ ვიყო? არა თუ დღეს.როდესაც დიდი ბობოლა შევქმნილვარ,ადრე,ჭიაობაშიც,გულით ვმამულიშვილობდი,თუმცა ამის გამოცხადებას კი სიტყვით ვერ ვბედავდი და საქმით ვერ ვახერხებდი.
და ან კი რა გამოვიდოდა გამოცხადებით?პატარაობაში რა გასავალი ექნებოდა ჩემს სიტყვებს?და დღეს,დიდკაცობის დროს კი.აღარ შემფერის ამჩატება!..ახლა პატრიოტულ ალიან-ჩალიანებს გამოვუდგე,არ იტყვიან:ე რა წვრილმანებს გამოსდგომოაო?
დიახ!იტყვიან და შემარცხვენენ!.. არა,არა!..
უდროოდ არა ვარგა რა!..მოვუცდი ისევ იმ დროს როდესაც ეს ორივე,დიახ საფუძვლიანი და თავის გასამართლებელი,მიზეზი თავისთავად მოისპობა და მაშინ გამოვაჩენ ჩემს მამულიშვილობას!
მესაყვედურებიან: თუ შენ პატრიოტი იყო,შენის ქვეყნის მზეთუნახავს არ დააგდებდი და სხვისას არ დაუწყებდი ტრფიალსო!.. მაგრამ სდებიან!..რა იციან,თუ ჩემ გულში რა არი? აქ ანგარიშია,და ანგარიშს ჭკვიანი როდის გაქცევია? (ავტორი გენია.ჯი) ჩემი ქვეყნის მზეთუნახაობა ღარიბია!თვითონ რა აქვს,რომ მე მარჩინოს? რა ჰმოსია,რომ მე ჩამაცვას? რა შეუძლია,რომ გამაძლიეროს და თვითონ რა სახელგანთქმულია,რომ მე გამომაჩინოს?და უცხო ქვეყნის მზეთუნახავი კი ამაების ყველაფრის შემძლებებლია!აი რისთვის ვეტრფი მას!და აი რად მიყვარს!..
აბა ამ ბედში ჩააგდეთ ჩემი ქვეყნის მზეთუნახავიც და მაშინ ნახავთ,თუ ვისმე დაგაცადოთ მისი ტრფობა! მაშ უსაფუძვლო ყოფილა საყვედური!დიახ,პატრიოტი ვარ,ვყოფილვარ და ვიქნები!.. ოღონდ თქვენ კი წინააღმდეგი მიზეზები მომაშორეთ!.. არ შეგიძლიათ?მაშ რაღას მესაყვედურებით? რაღას მთხოვთ,კოღო-ბუზებო?
რა გამოდის ამ თქვენის ბზუილით,კოღო-ბუზებო? და რას არიგებთ თქვენთვის იქა-აქ თრევით,ჭიანჭველებო!
ეჰ,ვაი იმ დროს,როდესაც თქვენ გაჩენილხართ!.. თქვენ თქვენთვის უხეირო საქციელით ჩვენ,ბობოლებს,მხოლოდ პატრიოტულ მადას გვიფუჭებთ!.. (ავტორი გენია.ჯი)