ნოდარ დუმბაძე – „უბის წიგნაკიდან”
1. „დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი”.
* * *
2. „სახელი – ნოდარი
გვარი – დუმბაძე
მამის სახელი – ვლადიმერის ძე
სამსახური – კოსმოსი, ზღვა,ხმელეთი, ხანდახან – მიწისქვეშეთი
პასპორტი – უსაბუთო
სისხლის ჯგუფი – უსისხლო
რეზუს ფაქტორი – ურეზურსო
დარეკეთ მხოლოდ ეკლესიის ზარით”.
* * *
3. „ღმერთმა მოქანდაკეს ტალახიდან ადამიანის კეთება კი ასწავლა, მაგრამ სულის შთაბერვა არ ასწავლა. ეგეც რომ ესწავლებინა, ადამიანი ღმერთს აღარ იწამებდა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. „მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო – ცაში წავიდე”.
* * *
5. „სამგლოვიარო გვირგვინზე ასეთი წარწერა გაეკეთებინათ: ძვირფას და დაუვიწყარ აგრაფინას ნინოშვილის ქუჩის ქალებისაგან”.
* * *
6. „კაცობრიობას ჰგონია, რომ მან რაღაცა ააშენა – სინამდვილეში ჯერ არაფერიც არ აუშენებია – იგი მხოლოდ აშენებს საძირკველს რაღაც გრანდიოზულისათვის, თვითონაც რომ წარმოდგენა არა აქვს”.
* * *
7. „ადამიანი ყველაფერს შეიძლება შეეგუოს – უხარისხო ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, პურს, უფრო მეტიც – ადამიანმა შეიძლება გაუძლოს შიმშილს, სიშიშვლეს, სიცივეს, სიღატაკეს, მაგრამ სულიერ სიღატაკეს ჩვენი ხალხი ვერასოდეს ვერ შეეგუება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
8. „ახლა, როცა ხელოვნება ასე დაშორდა სინამდვილეს, ჩემის აზრით, უდიდეს ხელოვნებას წარმოადგენს უკიდურესი ბუნებრიობა!!!”