“ქართველი ემიგრანტები”
…ისინი ბევრნი არიან,ძალიან ბევრნი… იმაზე მეტნი,ვიდრე ოდესმე ყოფილან… არიან ყველგან,სადაც კი ფეხი გაუწვდათ,ხელი მიუწვდათ და გულმა გაუწიათ… სადაც კი ვიღაც ეგულებოდათ თავიანთი თვისტომთაგან: არიან ალალბედზე წასულები… არიან ყველგან და ყოფნა-არყოფნის ფილოსოფიას ყოველდღიურად,რეალურად ეხებიან ხელით – ასუფთავებენ ბინებს,ოთახებს,ეზოებს,ქუჩებს,აშენებენ სახლებს,ბევრს ხარაჩოზეც კი სძინავს… სძინავთ იქაური შრომითა და აქაური ფიქრით გადაღლილებს.სძინავთ,მაგრამ,ყოფნა-არყოფნის ფილოსოფიის მსგავსად,არც მათ ძილბურანში ყოფნას ჰქვია ძილი.
ვინ არიან ისინი სამშობლოსათვის?ვინ და დაკარგული თაობები,უგზო-უკვლოდ გაბნეული ქართული გენოფონდი,რეალური და პოტენციური დედები,ფესვებს მოწყვეტილი შვილები…
ისინი ბევრნი არიან,გასაოცრად ბევრნი… ყოველი წუთი და საათი,ყოველი დღე და თვე ფულად ერთეულში გადაჰყავთ… ისინი არ ცხოვრობენ,ისინი ცოცხლობენ და ამ სიცოცხლესაც ზუსტად ის ეკვივალენტი აქვს,რამდენადაც მათი შრომა ფასობს.
ამან სახლი იყიდა,იმან-მანქანა,ვიღაც წარმატებულად გათხოვდა,ვიღაცას გაუმართლა…ამან მოქალაქეობა მიიღო,იმან-შრომის უფლება,სხვამ მწვანე ბარათი… ვიღაც მეზობლის ამბავს ჰყვება,ვიღაც ნათესავისას,ვიღაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ყურმოკრულს…
მოკლედ,მოგებას და შენაძენს ყველა თვლის,აქაც და იქაც,მაგრამ არც იქ და არც აქ არავინ ითვლის დანაკარგს,რადგან ის ფულად ერთეულად არ ითვლება.
დანაკარგი კი მართლაც კოლოსალურია,განახევრებულ სიცოცხლემდე დასული…
ისინი ბევრნი არიან,მტკივნეულად ბევრნი… ყველას ვიღაც გვაკლია…ზოგს კი სუყველა ერთად…და ხშირად,ძალიან ხშირად არც ეს ცა,არც ეს მზე და არც ეს წვიმა არ გვერგება.რადგან მათ გარეშე მოდის ზამთარიც და შემოდგომაც,გაზაფხულიც და ზაფხულიც.მათ გარეშე იზრდებიან შვილები,ბერდებიან მეგობრები,იხოცებიან მშობლები… (ავტორი გენია.ჯი)