ღირსი დამიანე – “შენ ხარ ვენახის” მთქმელი…

“ღირსი დამიანე” (მეფეყოფილი დემეტრე I) – გახლდათ წმინდა კეთილმსახური და უდიდესი ქართველი მეფის – დავით აღმაშენებლის ვაჟი.იგი დაიბადა 1095 წელს.წმინდა დავით მეფემ 1125 წელს,თავისივე სიცოცხლეში დასვა სამეფო ტახტზე დემეტრე.უფლისწულმა,ჯერ კიდევ დავითის მეფობისას მოიხვეჭა სახელი და დიდება: 1117 წელს დავითმა იგი შირვანს გაგზავნა სალაშქროდ.ახალგაზრდა სარდალმა აიღო ქალაძორის ციხე და ურიცხვი ტყვითა და ალაფით დაბრუნდა ძლევამოსილი.წმინდა დემეტრე მხნედ შეუდგა მამის მემკვიდრეობისა და საქართველოს საზღვრების დაცვას.ძლევამოსილი მეფე დემეტრე მაინც ვერ გადაურჩა ბოროტის მანქანებას: დავითიანთა კეთილძირს მიმსგავსებული,ღვთივდანერგული და მირონცხებული მეფე შეთქმულებისა და ღალატის მსხვერპლი შეიქმნა.დიდგვაროვნებს ტახტზე მისი ნახევარძმის,ვახტანგის (ცუატას) დასმა სურდათ.შემდეგ საკუთარი ძე – დავითი აუმხედრდა მამას.საყვარელი შვილის ღალატით გულნატკენმა კეთილმსახურმა მეფემ უმწვავესი ფორმით იგემა ამ სოფლის ამაოება და მონაზვნად აღიკვეცა – დამიანეს სახელით.ამის შემდგომ დავით გარეჯის უდაბნოში დაეყუდა,სამეფო ტახტი კი დავითს,საკუთარ ძეს დაუთმო.აღსანიშნავია,რომ დემეტრეს ძემ – დავითმა გამეფებიდან,მხოლოდ ექვსი თვე იცოცხლა.ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე,დემეტრე ენერგიულად ჩაერია სახელმწიფო საქმეებში,იგი კვლავ ავიდა სამეფო ტახტზე და თანამმართველად შვილი გიორგი გამოაცხადა.დავით გარეჯის უდაბნოში აღკვეცილმა მეფემ შთამომავლობას “ჰომნოგრაფიის” შესანიშნავი ნიმუშები დაუტოვა.ჩვენამდე მოღწეული იამბიკოებიდან განსაკუთრებით ცნობილი და ნიშანდობლივია – “შესხმა ღვთისმშობელისა”:

“შენ ხარ ვენახი ახლად აყვავებული,

მორჩი,კეთილი ედემსა შინა ნერგული,

ალვა,სუნელი სამოთხეს აღმოსრული,

ღმერთმა შეგამკო,ვერვინა გჯობს ქებული,

თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინებული”.

კეთილმსახური მეფისა და წმინდა დამიანეს ფრესკა მაცხვარიშის (ლატალი) ეკლესიის მხატვრობამ შემოგვინახა.ღრმა სულიერებისა და მტკიცე ქრისტიანული რწმენის მქონე დემეტრე-დამიანემ დაასრულა და აკურთხა,დიდი დავითის დაწყებული გელათის დიდებული ტაძარი.მეფეყოფილი წმინდა დამიანე გარდაიცვალა ბელტის ციხეში 1157 წელს.იგი დაკრძალულ იქნა გელათის სამონასტრო კომპლექსში. (ავტორი გენია.ჯი)