რადიარდ კიპლინგი – “თუ…”

თუ ძალგიძს,დარჩე ძველებურად მშვიდი და მტკიცე

და არ დაიბნე,როცა თავგზა ებნევა ყველას,

თუ ძალგიძს სიმხნედ,შემართებად და რწმენად იქცე,

როცა შენს ირგვლივ მკვდარი არის შენდამი რწმენა;

***

თუ ძალგიძს მკაცრი მოთმინებით ელოდო ხვალეს,

ცრუს,გაუტანელს არ მიაგო სიცრუე ავი,

მოძულეს შენსას მძულვარება შეუნდე მალე

და თან არც ქრისტედ არ აჩვენო არავის თავი,_

***

თუ შეგიძლია,სულში მარად ოცნება რეკდეს,

მაგრამ ოცნების არასოდეს არ გახდე მონად,

გამარჯვებას და დამარცხებას თანაბრად შეხვდე

და ამ ორ თაღლითს მიეგებო ტოლად და სწორად;

***

თუ შეგიძლია აიტანო,სიმართლე შენი

ბრბომ სულმდაბალმა ვით აქცია ხითხითის საგნად,

იხილო ერთ დღეს დანგრეული,სიცოცხლის დღენი

რასაც შესწირე და შენებას შეუდგე ახლად,_

***

თუ შეგწევს ძალა,მაგიდაზე დაყარო ჩალად

რაც გაგაჩნია,გიშოვნია ოფლით და სისხლით,

წააგო წყნარად,წაგებული ჩათვალო არად,

იშოვნო კვალად და სასწორზე შეაგდო რისკით;

***

თუ შეგწევს ძალა,წარბი შეჰკრა,მოთოკო გული,

მოუხმო ნერვებს,გამაგრდე და ივარგო ასწილ -

ეს მაშინ,როცა სულიერად დაღლილს და დაცლილს

ნებისყოფაღა გეუბნება: “წინ-მეთქი! გასწი!”

***

თუ შეგწევს ძალა,ბრბოში იყო და დარჩე კაცად,

მეფეებს ახლდე და გახსოვდეს ყოველთვის ხალხი,

შენი ღირსება არ დაკარგო აროდეს არსად,

მტერ-მოყვარესთან პირდაპირი იყო და ლაღი;

***

თუ შეგწევს ძალა,გაიაზრო ყოველი წუთი,

აზრით დატვირთო სამოცივე ფეხმარდი წამი,

მაშინ შენია,შვილო ჩემო,ეს მიწის ბურთი,

ადამიანიც მაშინ გქვია,და გერქვას – ამინ!