„კორუფციის” ისტორიიდან…
„კორუფცია” – ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა და აღნიშნავს – „ვაფუჭებ”. სიტყვასიტყვით კი იგი აღნიშნავს სახელმწიფო ძალაუფლების არადანიშნულებისამებრ და არალეგიტიმურ გამოყენებას, როგორც წესი საიდუმლო, პირადი კეთილდღეობის მიზნით.„კორუფციის” ყველაზე გავრცელებული ფორმებია: მოქრთამვა, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, გამოძალვა, ნეპოტიზმი და პატრონაჟი. აღნიშნულმა მანკიერმა მოვლენამ ნებისმიერი სახელმწიფო წყობილების დროს შეიძლება ფეხი მოიკიდოს. თუმცა აქვე უნდა ავღნიშნო, რომ იგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტერი სახელმწიფოს ფუნდამენტური განვითარებისა. (ავტორი გენია.ჯი) „კორუფციის” ისტორიული ფესვები ჯერ კიდევ უძველეს პერიოდში ჩაისახა საჩუქრების გადაცემის ფორმით. მოგვიანებით, უბრალო საჩუქრებმა ძვირფასი საჩუქრების სახე მიიღო. მიზეზი კი ასეთი დასაჩუქრებებისა, საკუთარი თხოვნის დაკმაყოფილების შესრულება გახლდათ. პირველყოფილ საზოგადოებაში ქურუმებისათვის და ბელადებისათვის ასეთი წესით საჩუქრების გადაცემა ჩვეულებრივი და მიღებული ნორმა გახლდათ. მოგვიანებით, სახელმწიფო აპარატის ჩამოყალიბების შემდეგ ცენტრალური ხელისუფლება ბევრად პროფესიონალური გახდა. შესაბამისად, დახვეწილ იქნა კანონები, რომლებიც უმთავრესი ღერძი გახლდათ ამა თუ იმ ქვეყნის არსებობისათვის. ადრინდელი წესი არაოფიციალური დასაჩუქრებებისა უკვე ოფიციალურ კანონმდებლობით განისაზღვრა და თუკი ვინმე ასეთი მეთოდით მოისურვებდა ამა თუ იმ ჩინოვნიკის დასაჩუქრებას,აუცილებლად უნდა დაფიქსირებულიყო ასეთი ფაქტი.მიუხედავად ამისა,მრავალი ჩინოვნიკი მაინც ფარულად მოქმედებდა და ასეთივე მეთოდით მდიდრდებოდა. პირველი ოფიციალურად დადასტურებული ფაქტი კორუფციასთან ბრძოლისა, დაფიქსირდა უნიკალური შუმერული ცივილიზაციის ქალაქ-სახელმწიფო – ლაგაშში, მეფის ურუინიმგინას მმართველობის პერიოდი ძვ.წ.აღ-ით 2319-2311 წლებში. შუმერთა კანონების თანხმად, კორუფციაში მსჯავრდებული ადამიანების უმკაცრესი საჩვენებელი და სამაგალითო დასჯები ეწყობოდა. მიუხედავად საშინელი სასჯელებისა, კორუფციასთან ბრძოლამ დამაკმაყოფილებელი შედეგები მაინც არ გამოიღო. დიახ, ლაგაშში მეტ-ნაკლებად მოხერხდა კორუფციის დამარცხება მაღალ ეშელონებში, თუმცა ვერაფერი მოუხერხეს დაბალ ფენებში გავრცელებულ მასიურ კორუფციას. პირველი ტრაქტატი, სადაც განმარტებული გახლდათ კორუფცია, გახლდათ – „არტჰაშასტრა”. იგი დაწერილ იქნა ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში, ინდოეთის მეფის – ჩანდრაგუპტა მაურის (მმართველობის ხანა ძვ.წ.აღ-ით 321-297 წლები) მთავარი მრჩევლის მიერ. აღნიშნული ტრაქტატი, თავის მხრივ, წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დოკუმენტს. ავტორის სახელი კი, გამოქვეყნებულ იქნა ფსევდონიმით – კაუტილია, რომლის ნამდვილი სახელი – ჩანაკია იყო. კორუფცია არა მარტო შუმერებისა და ინდოელებისათვის წარმოადგენდა პრობლემას. უძველეს ეგვიპტეში ფარაონებიც არაერთხელ შეჯახებიან მას. ამაში ჩართული იყო იმ ეპოქების ფაქტიურად მთელი ბიუროკრატიული აპარატი ჩინოვნიკებისა. ამის დამადასტურებელი კი არაერთი დოკუმენტურად დადასტურებული ფაქტია დღემდე შემორჩენილი. ძველ ეგვიპტეში კორუფცია განსაკუთრებით ჰყვაოდა სასამართლო სისტემაში. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად, ქრთამის მეშვეობით, ნებისმიერი სასჯელის თავიდან არიდება იყო შესაძლებელი. ამ მანკიერ მოვლენას მოცული ჰქონდა ძველი რომი, სპარსეთი, ძველი საბერძნეთი და სხვა იმ დროისათვის ცნობილი ქვეყნები. სპარსეთის ისტორიიდან შემორჩენილია ჰეროდოტეს მიერ გადმოცემული ცნობა იმის შესახებ, რომ ამ ქვეყნის მეფემ – კამბისმა, ქრთამის აღებისათვის ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში ცოცხლად გააძრო ტყავი ერთ-ერთ კორუმპირებულ მოსამართლეს, სახელად – სიზამნას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ აღნიშნულ თანამდებობაზე მეფის ბრძანებით დაინიშნა, სიკვდილით დასჯილი მოსამართლის ვაჟი. და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ მას კარგად სცოდნოდა როგორ დაასრულებდა თავის კარიერას ქრთამის აღების შემთხვევაში. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა დროის გასვლასთან ერთად უფრო იზრდებოდა, თუმცა იზრდებოდა მისი დახვეწილი ფორმებით არსებობაც. გენიალურმა იტალიელმა ფილოსოფოსმა და სახელმწიფო მოხელემ – ნიკოლო მაკიაველმა იგი იმ ავადმყოფობას შეადარა, რომლის განკურნებაც ურთულეს საქმეს წარმოადგენს. დიდ ბრიტანეთში რამდენიმე საუკუნის მანძილზე მრავალ ცნობილ მეკობრეს იყენებდნენ მაღალჩინოსნები კორუფციისათვის. მაგალითად ისეთს, როგორიც გახლდათ – ფრენსის დრეიკი.
კორუფცია განსაკუთთრებული ინტენსივობით ჰყვაოდა რუსეთში. ნიკოლოზ I-მა ამ საკითხის შესახებ საკუთარ ვაჟს უთხრა კიდეც: „ამ ქვეყანაში ჩემი და შენი გამოკლებით 30 000-ვე სახელმწიფო ჩინოვნიკი იპარავსო”. XVIII საუკუნიდან კიდევ უფრო დიდი მასშტაბები მიიღო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლამ. ამერიკის შეერთებული შტატების 1789 წელს მიღებულ კონსტიტუციაში შავით თეთრზე წერია, რომ კორუფცია გახლავთ იმ ორი საბაბიდან ერთ-ერთი, რისთვისაც შესაძლებელია პრეზიდენტს „იმპიჩმენტი” გამოუცხადონ.
1965 წლისათვის სინგაპური ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებად ქვეყნად იყო მიჩნეული, თუმცა ლი კუან იუს დიდი ძალისხმევის შედეგად, ქვეყანაში იგი დამარცხდა და დღეს სინგაპური ერთ-ერთ ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყნად მიიჩნევა. ჩინეთში სააგენტო Cross-ის ცნობის თანახმად, მარტო 2000 წელს კორუფციის ბრალდებით 10 000 ჩინელი სახელმწიფო ჩინოვნიკი იქნა სიკვდილით დასჯილი, ხოლო 120 000 ჩინოვნიკს კი სხვადასხვა სასჯელი დაეკისრა. დღესდღეობით „კორუფციის” წინააღმდეგ განსაკუთრებული ზომებია მიღებული. მიუხედავად ამისა, მრავალ ქვეყანაში (განსაკუთრებით ჩრდილოეთ კორეასა და აფრიკის რიგ ქვეყნებში) იგი კვლავაც ფართოდაა გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. აქვე შემოგთავაზებთ რამდენიმე გამონათქვამს „კორუფციის” შესახებ:
1. „ახალგაზრდობის უმთავრესი მოვალეობაა – ბრძოლაში გამოიწვიოს კორუფცია”. – კურტ კობეინი.
* * *
2. „ოქროთი დატვირთული ვირით ნებისმიერი ციხე-სიმაგრის აღებაა შესაძლებელი” – ფილიპე II
* * *
3. „ჩინოვნიკების კონტროლიდან გამოსვლა ბადებს ურჩხულ კორუფციას”. – გარი კასპაროვი
* * *
4. „დაიხსომეთ, ჯელტმენებო – ამ ქვეყანას კორუფცია დაღუპავს”. – (ადამიანი კაპუცინების ბულვარიდან)
* * *
5. „როგორც პატიოსნება არის განუყოფელი ნაწილი თავისუფლებისა, ასევე განუყოფელი ნაწილია კორუფცია – დესპოტიზმისა”. – ანატოლ ფრასი
* * *
6. „შეთავაზების შემდეგ ღმერთებიც კი დამთმობები ხდებიან”. – ევრიპიდე
* * *
7. „მომეცით ათი მილიონი დოლარი და მე შევიტან ნებისმიერ შესწორებას კონსტიტუციაში”. – ფრანკლინ რუზველტი
* * *
8. „ის, ვინც მოისურვებს გამდიდრდეს ერთ დღეში, – სიცოცხლეს სახრჩობელაზე დაასრულებს ერთ წელიწადში”. – ლეონარდო დავინჩი
* * *
9. „ცუდ პოლიტიკოსებს კორუმპირებულად კარგი ბიზნესმენები აქცევენ”. – ჟოზეფ ფოკი
* * *
10. „ის, ვინც რაიმედ ღირს, ძალიან ძნელია მოისყიდო”. – ედუარდ სერვუსი (ავტორი გენია.ჯი)