გაიუს სალუსტიუს კრისპუსის ნააზრევი…
1. მეფეებს კარგი ადამიანები უფრო საეჭვოთ ეჩვენებათ,ვიდრე ცუდები.ამიტომაცაა სხვების სიქველე მუდამ შიშს,რომ ჰგვრით.
2. ფორტუნა მართლაც ყველაფერს განაგებს,იგი უფრო ახირებას აყოლილი,ვიდრე სამართლიანი,განადიდებს ან ჩრდილში აქცევს ადამიანთა საქმეებს.
3. ვინაიდან სიხარბემ ნდობა,წესიერება და სხვა ღირსებები მოსპო,ადამიანებს მათ ნაცვლად ქედმაღლობა,სისასტიკე,ღმერთების უგულებელყოფა და ყველაფრის გასაყიდად გამეტება ასწავლა.პატივმოყვარეობამ ბევრი აიძულა,მატყუარა გამხდარიყო.გულში ერთი აქვთ,ენაზე კი მეორე აკერიათ.მეგობრობასა და მტრობას არა მისი ბუნების,არამედ გამორჩენის მიხედვით აფასებენ. (ავტორი გენია.ჯი)
4. თავიდან ადამიანთა სულებს სიხარბეზე მეტად პატივმოყვარეობა უკარგავდა მოსვენებას,რომელიც,მართალია,ნაკლია,მაგრამ ახლოს არის სიქველესთან,ვინაიდან დიდება,პატივი,ძალაუფლება ღირსეულსა და უღირსს თანაბრად სწადია,თუმცა პირველი კანონიერი გზით მიისწრაფვის მისკენ,მეორე კი,რადგან უღირსია,ვერაგობითა და ტყუილით იკვალავს გზას.სიხარბე ესწრაფვის ფულს,რომლის ფლობასაც არც ერთი ბრძენი არ ინატრებდა.
5. მას შემდეგ,რაც სიმდიდრე პატივად,ხოლო მის მხლებელად დიდება,ძალაუფლება და ძლიერება იქცნენ,სიქველე სრულიად მინავლდა.
6. ყოველთვის ჭირს იმის გაგება,ადამიანი ფულს უფრო უფრთხილდება თუ სახელს.
7. სულაც არ არის გასაკვირი,რომ წამხდარი ზნისა და დიდი იმედების მქონე ღატაკები,ისევე ნაკლებად ზრუნავდნენ სახელმწიფოს ინტერესებზე,როგორც საკუთარზე. (ავტორი გენია.ჯი)
8. ტყუილად უჩივის კაცთა მოდგმა თავის ბუნებას,რომ მას,სუსტსა და ხანმოკლეს,შემთხვევითობა უფრო მართავს,ვიდრე სიქველე.
9. ადამიანებს კეთილშობილურ საქმეებზე ისე რომ ეზრუნათ,როგორი თავგამოდებითაც მათთვის უცხოსკენ,გამოუსადეგარისკენ და ხშირად სახიფათოსკენაც მიისწრაფვიან,მაშინ ბედი კი არ წარმართავდათ,არამედ ისინი წარმართავდნენ ბედს და იმ ზეობას მიაღწევდნენ,სადაც დიდება მათ,მოკვდავებს,უკვდავებას მიანიჭებდა. (ავტორი გენია.ჯი)
10. ადამიანი სხეულისა და სულისაგან შედგება,ამდენად ყველა ჩვენი საქმე თუ მისწრაფება სხეულის ან სულის ბუნებას ემორჩილება.თვალწარმტაცი შესახედაობა,ურიცხვი სიმდიდრე,სხეულის ძალა და ყველაფერი სხვა მისი მსგავსი მალე ქრება,ხოლო გონების ბრწყინვალე საქმენი,ისევე როგორც სული,უკვდავია.