შოთა ნიშნიანიძე – (მე ერთი ქვეყანა ვიცი…)

მე ერთი ქვეყანა ვიცი, -

სამოთხის კარია ღია,

იქ მართლა გვარზე ხტის კვიცი

და სხვებიც თავის გზით ვლიან.

***

იქ მლიქვნელს აჭრიან ყურებს,

მაბეზღარს აჭრიან ენას,

პოეტი იქ უფრო ურევს

და ბევრი როდი აქვს წყენა.

***

იქ უკვე არავინ ქურდობს,

დახლიდარს არა აქვს ფაშვი

და თუკი აჩუქე ხურდა,

სასტიკად გაგლანძღავს მაშინ.

***

უქრთამოდ იღებენ მცოდნეს,

უმეცარს სჭრიან და სჯიან,

იქ აღარ სჭირდებათ ცოტნე,

თაფლი სუყველას სცხია.

***

დახლებთან არაა რიგი

წიგნის მაღაზიის გარდა,

არავის უნახავს იგი

არც ერთი მინისტრის კართან.

***

ერთი ტროლეიბუსში ადი,

რაინდი რაინდზე თვალე:

მოხუცებს უთმობენ ადგილს,

მეტადრე ბავშვიან ქალებს.

***

იქ მართლა ფასდება ჭკუა,

იქ გულიც ფასდება ბავშვის,

კრიტიკა იქ აღარ ცრუობს,

პოეტებს არ უყვართ ტაში.

***

არცა აქვთ მეგობრის შიში,

კაცს ვეღარ შეხვდები მტრიანს,

ერთმანეთს ლანძღავენ პირში,

ზურგს უკან არავის თხრიან.

***

იმ მხარეს ოცნება ჰქვია,

იმ მხარეს სიზმარი ჰქვია,

თუ გინდა წავიდეთ,ძმებო,

არასდროს არ არის გვიან.