ვაჟა ფშაველა – “დიდი თამარი”
ქალო,ქართველთა სულისდგმავ,
ქალო, ქართველთა დედაო!
ტყუილად ვამბობთ შენს სიკვდილს,
თამარს ცოცხალსა ვხედავო.
რუსთველის ქებას ჩვეულო,
მეც ქებას გაგიბედაო.
როს ვგრძნობ,იმისებრ ვერ ვმღერი,
რად არ ვჩუმდები ნეტაო?!
არ მოგეწონოს იქნება
სთქვა:რისთვის ითავხედაო,
მონად აღზრდილმა მოლექსემ
სალამი გემიბედაო?!
შენ თვალთ სხივებმა ამაგზნო,
დამათრო ამაყბედაო,
საუნჯევ სათნოებისა,
ჩემიც მიიღე ქაბაო.
ვინმე საწყალი ფშავლისა!
ცრემლი აღარა მშრებაო,.
თამარის სალოცავშია
მოჩანს ფშავლების კრებაო,
შენთვის მსხვერპლისა შეწირვით
ქალ-ვაჟი ვერა ძღებაო,
შენთვის დაკლული ცხვარ-ძროხის
დიდი ჩახტები დგებაო.
გულში გვინთიხარ ლამპრადა,
ნათობს და არა ქრებაო.
შენს და შოთაის მარჯვენას
ვემთხვიე ზედიზედაო.
შენა ხარ ერის სიცოცხლე,
თავი არ მომიკვდებაო!
მოწყალედ გვექმენ ქართველთა,
ჩემო ლამაზო დედაო!