ილია ჭავჭავაძე – “ბედნიერი ერი”

ჩვენისთანა ბედნიერი

განა არის სადმე ერი?

მძიმე ყალნით,

ლამაზ ფალნით

მორთული და მშვენიერი;

უწყინარი,

უჩივარი,

ქედდრეკილი,მადლიერი;

უშფოთველი,

ქვემძრომელი,

რიგიანი,წესიერი;

ყოვლად მთმენი,

ვით ჯორ-ცხენი,

ნახედნი და ღონიერი;

***

ჩვენისთანა ბედნიერი

განა არის სადმე ერი?!

ყველა უნჯი,

ყველა მუნჯი,

გულჩვილი და ლმობიერი;

თვალაბმული,

თავაკრული,

პირს ლაგამი ზომიერი;

ყველა ყრუი,

ყველა ცრუი,

ჭკვადამჯდარი,გულხმიერი;

მცირე,დიდი-

ყველა ფლიდი,

ცუღლუტი და მანკიერი;

***

ჩვენისთანა ბედნიერი

განა არის სადმე ერი?!

მტვერწაყრილი,

თავდახრილი,

ყოვლად უქმი,უდიერი;

უზღუდონი,

გზამრუდონი,

არგამტანი და ცბიერი;

მტრის არმცნობი,

მოყვრის მგმობი,

გარეთ მხდალი,შინ ძლიერი;

არრის მქონე,

არრის მცოდნე,

უზრუნველი და მშიერი;

***

ჩვენისთანა ბედნიერი

კიდევ არის სადმე ერი?