თემურ ჩალაბაშვილი – “გაგეჯიბრები სიკვდილო”
გაგეჯიბრები სიკვდილო,
აბა სად შენ და სად მეო,
მასპინძლად ხომ არ ვარგიხარ,
აღარც რომ მიშვებ სადმეო.
***
დამხვდები ჩაღამებული,
მე მოწყვეტილსა სამზეოს,
წამიყვან პაპის პაპასთან,
რომ ვეამბორო მხარზეო.
***
სისხლი მოვწმინდო მკერდზედა,
ხელი შევავლო ფარზეო,
არცა რა მედარდებოდეს,
დამდგარსა სწორსა გზაზეო.
***
მაინც გაჯობე სიკვდილო,
ავს არ ამბობენ მკვდარზეო.