აკაკი წერეთელი – “დედის სიმღერა”

ცხრა თვეს მუცლით გატარებდი,

ვაით გშობე, უით გზარდე,

და რად გიკვირს, ყოველს ქალზედ

უფრო დედას , რომ უყვარდე ?

***

ქალი მამას ქმარში გასცვლის,

ცოლი ქვრივი სხვას წაჰყვება

მაგრამ დედას შვილის ტრფობა

სამარეში თან ჩაჰყვება.

***

ახლოს გული მისთვის უძგერს,

შორს მყოფს ფიქრით თავს ევლება,

უფიქრელად თავს შესწირავს,

დედა თვის შვილს ენაცვლება.

***

მაგრამ შვილი ხშირად დედას

გასცვლის ხოლმე საყვარელში.

არ იცის რომ მოტყუებულს

სხვისი სატრფო რჩება ხელში.

***

მაგრამ ნება ბუნებისა

ეს არის და ასე იყოს,

დედამ უნდა შვილისათვის

თავის თავი დაივიწყოს

***

რა მოგშორდი,შვილო,შემდეგ

შავი ფიქრი გულს მიბურღავს.

ვაჰ,თუ გშია,ან გწყურია,

ან გცივა და არა გხურავს.

***

ეგებ გდიხარ ბრძოლის ველზედ,

გულს გასვია მტრის ისარი,

და რომ წყლული შეგიხვიოს,

დედა-შენი არსად არი.

***

ვაი,თუ შენს ლამაზ თვალებს

ყვავი ჰკორტნის და ყორანი,

და უნაგრით უპატრონოდ

დაგხვიხვინებს თავს მერანი.

***

ვაჰ,თუ შენსა ხუჭუჭ თმასა

ჩიტი ბუდეს შიგ უფენდეს?

მაშინ დედა – შენიც ჩიტად

გადაიქცეს,შენსკენ ფრენდეს.