ხუტა ბერულავა – “ნეტავ ისეთი ბედის მქნა”

ნეტავ ისეთი ბედის მქნა,

ეს ნატვრა ამიხდებოდეს,

ვიყო ისეთი წერილი

კითხულობდე და ტკბებოდე.

***

ვიყო შენივე აჩრდილი,

სირბილში გეჯიბრებოდე,

დღე ვიყო ისე მზიანი

არასდროს დავღამდებოდე.

***

ვიყო ისეთი სანთელი

შენს თვალწინ ცრემლად ვდნებოდე,

დაკოკრილ თხილად მაქცია,

კალთაში ჩაგეყრებოდე.

***

კოხტა ფეხსაცმლად მაქცია

რომზედ ქუსლებით დგებოდე,

ფერუმარილად მაქცია,

ღაწვებზე წაგეცხებოდე.

***

შენს ყურთბალიშად მაქცია,

რომ შენი ცეცხლით ვთბებოდე,

ნეტავ ისეთი ბედის მქნა

ეს ნატვრა ამიხდებოდეს.