ოთარ ჭილაძე – “თიხის სამი ფირფიტა”

რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,

ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ

და ქვებზე ჩუმად გროვდება მტვერი

და ჩასაფრებულ თვალივით ბრწყინავს.

მაინც არავინ არ გარბის არსად,

ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს,

და დიდი თიხის თოჯინის მსგავსად,

ქალაქი ხელში უჭირავს სიცხეს.

რა უბრალოა ადამიანი!

რა ცოტა ჰყოფნის,რომ იქცეს მიწად

და რა უმწეო ხმებით შრიალებს

რასაც სიცოცხლეს არქმევს და იცავს.

ხვალ შეიძლება განახლდეს ისევ,

რაც დღეს საოცრად ძველია უკვე

და ისევ გახდეს სიცოცხლის ღირსი

და გაახილოს თვალები უკეთ.

მაგრამ ყველაზე ვრცელდება თურმე,

თურმე სიკვდილი მოგველის ყველას,

რომელიც უკან მოგვყვება ურმით

და გამოფიტულ თვალებით გვზვერავს.

ვინ იცის ისიც სცოდავდა იქნებ

ყველა მოგონილ ღმერთის წინაშე

და სულ ამაოდ მისდევდა ფიქრებს,

ვით დასიცხული კაცი მირაჟებს.

იქნება სცოდავ როდესაც ცდილობ

განდევნო სენგან სიკვდილის შიში,

ან როცა ბედი გარგუნებს წილად

დაიცვა შენი მოდგმა თუ ჯიში.

ახლა კი ჩრდილი და მხოლოდ ჩრდილი,

ოდესღაც ჯანით განთქმულ სხეულის

ყოველ საღამოს და ყოველ დილას

ცისკენ მიფრინავს ლოცვად ქცეული.

მას ურჩევნია გულზე ეყაროს

და არა ფეხქვეშ ურუქის ქვები

და ისევ ქვეყნად დარჩეს ქვეყანა,

ჯიუტი კაცის თუ ღმერთის ნებით.

***

თურმე არავის არა აქვს ნება,

იცქიროს უცხო ფარდების იქით,

აწონ დაწონოს ვიღაცის ვნება,

ფანქრით ასწოროს ვიღაცის ფიქრი.

იზრდება სიცხე და ჩრდილის ფასი,

მაგრამ ცოტაა ჩრდილის მარაგი

და თიხის დიდი თოჯინის მსგავსად,

ხელში უჭირავს სიცხეს ქალაქი.

და შეუმჩნევლად გაქრება შიშიც,

რომელიც მოჰყვა თიხის ფირფიტას

შენ აღმოჩნდები სანატრელ ჩრდილში,

გონებას განგებ გამოიფიტავ.

თუმცა არავის არა აქვს ნება,

თუნდაც ცოტა ხნით მოხუჭოს თვალი

და აკივლებულ ფიქრსა და ვნებებს,

ხმა ჩაუწიოს და ჩაკლას ძალით.

ადამიანზე გამძლეა თიხა,

მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა,

ის შეიძლება უბრალო იყოს

და აუტანელ ტკივილად ითქვას.

უბრალო იყოს,ვით მწყემსის დანა,

უფრო უბრალო ვიდრე მარილი,

სულში კი მთელი სიმძიმით წვანან

დღეები უკვე გადატანილი.

წვანან ჩაძირულ გემის ფიცრები…

წვანან ჩაძირულ გემის აფრები…

მაგრამ სიკვდილის წინ შეიძლება,

რომ ერთი სიტყვით თქვა ყველაფერი.

რაც უნდა მოხდეს დიდი ხნის მერე,

ბევრჯერ მომხდარა დიდი ხნის წინათ

და უკვე ყოფილ ხმებსა და ფერებს

უნდათ თუ არა მიწაში სძინავთ.

არ უნდა მოხდეს დიდი ხნის მერეც

ის,რაც მომხდარა დიდი ხნის წინათ

რადგან უთვალავ ხმებსა და ფერებს

ჯერ კიდევ მიწის წიაღში სძინავთ.

***

სიჩუმე ზოგჯერ სისუსტეს უდრის

და შენც გახსენი შენი ფიქრები,

რომ პატიოსნად,დიდხანს და მყუდროდ

იცხოვრო,როცა აღარ იქნები.