უილიამ შექსპირი – “სონეტი XXXIV”

გზად მიმავალმა არ მოვისხი მხრებზე ლაბადა,

რადგან დამპირდი – მზიანი დღე გელის ყველგანო…

მაგრამ შენს გულში რაღაც წყენა გაინაბა და

ღრუბლიანი ცა დამახვედრე უკიდეგანო.

***

თუმცა ღიმილით გაარღვიე მალე ღრუბლები,

წვიმის წვეთებიც შემიმშრალეს ვნების ალებმა,

თუმცა კეთილი მკურნალივით მესაუბრები,

მაგრამ მე სული დამიმძიმეს ნაავდრალებმა.

***

ვერას უშველი თანაგრძნობით შენ ჩემს იარებს

და სინანულიც გვიანია,რომ აღიარო,

მე ტკივილს შენი აღსარებაც ვერ დამიამებს

და ქვეყნად ასე უნუგეშოდ უნდა ვიარო.

***

დღეს მარგალიტის ცრემლს რომ აფრქვევ,ნანობ კი არა,

ნამდვილ სიყვარულს ბედმა,მგონი,შენც გაზიარა.