ჩარლზ ოგასტეს ლინდბერგის შესახებ…

დიდმა ამერიკელმა პილოტმა და ავიატორმა - ჩარლზ ოგასტეს ლინდბერგმა (1902-1974 წლები),რომელმაც პირველმა,სრულიად მარტომ განახორციელა “ტრანსატლანტიკური” ფრენა 1927 წელს (მანამდე 1919 წელს ტრანსატლანტიკური ფრენა დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ განახორციელა ორმა ინგლისელმა მფრინავმა – ჯონ ოლკოკმა და არტურ ბრაუნმა),1953 წელს გამოაქვეყნა ავტობიოგრაფიული წიგნი – “სენტ ლუისის სული”,რომელმაც მას ერთ-ერთი უდიდესი ლიტერატურული ჯილდო – “პულიცერის პრემია” მოაპოვებინა.ჩარლზის ტრანსატლანტიკური ფრენის მარტო განხორციელება,მართლაც რომ საოცარმა შემთხვევამ განაპირობა,კერძოდ 1919 წელს ნიუ-იორკში მდებარე,ერთ-ერთი ამერიკული სასტუმროს  მფლობელმა მილიონერმა – რეიმონდ ორტეიგმა,ოფიციალურად დააწესა 25 000 დოლარიანი პრემია,პილოტზე,რომელიც სრულიად მარტო შეასრულებდა იმ დროისათვის “თავზეხელაღებულ ფრენას” ნიუ-იორკსა და პარიზს შორის.ამ პრიზის მისაღებად არა ერთმა პილოტმა მიიღო მონაწილეობა ტრანსატლანტიკურ ფრენაში,თუმცა,საუბედუროდ ყველა მათგანი ან დაიღუპა ან კიდევ დასახიჩრდა. (ავტორი გენია.ჯი) შესაბამისად,ვერცერთმა მათგანმა ვერ განახორციელა აღნიშნული ფრენის ბოლომდე მიყვანა.ჩარლზ ლინდბერგმა გადაწყვტა თავადაც ეცადა ბედი,იმ დროისათვის უზარმაზარი თანხის ოდენობის პრიზის მისაღებად,თუმცა აღნიშნული ფრენის მომზადებისათვის საჭირო თანხები მას არ ჰქონდა.ამიტომ გადაწყვიტა რომ,დაერწმუნებინა ცხრა სენტ-ლუისელი მეწარმე,დაეფინანსებინათ იგი და გამარჯვების შემთხვევაში გაღებულ თანხებს ერთი-ორად აუნაზღაურებდა.მან მართლაც მოახერხა ბიზნესმენების დარწმუნება და მათაც ჩარლზ გადასცეს ის თანხა,რაც ტრანსატლანტიკური ფრენის მოსამზადებლად იყო აუცილებელი.ამერიკულმა კომპანიამ – Ryan Airlines-მა,ჩარლზისვე შეკვეთით შექმნა ერთადგილიანი სპეციალური თვითმფრინავი (მონოპლანი),რომელსაც – “სენტ-ლუისის სული” დაარქვა. 1927 წლის 20 მაისს,ცარლზ ლინდბერგმა  7:52 წუთზე სტარტი აიღო ნიუ-იორკში მდებარე “რუზველტ ფილდის” აეროპორტიდან.ხანგრძლივი და წარმატებული ფრენის შემდეგ კი,21 მაისს პარიზის დროით 22:21 წუთზე მშვიდობიანად დაეშვა ლე-ბურჟეს აეროპორტში.ამ მოვლენამ იმ პერიოდის მსოფლიო პრესა მოიცვა და მან არა მარტო სოლიდური პრიზი მოიპოვა,არამედ ისტორიაშიც დაიმკვიდრა ადგილი,როგორც პირველმა ადამიანმა,რომელმაც მარტომ შეასრულა “ტრანსატლანტიკური ფრენა”.აღნიშნული წარმატებისათვის დაჯილდოებულ იქნა “ჯვრით საფრენოსნო დამსახურებისათვის”. (ავტორი გენია.ჯი) თავად ეს ჯილდო დაწესებულ იქნა 1926 წლის 2 ივლისს ამერიკის შეერთებულ შტატებში და მისი პირველი მფლობელი,სწორედ – ჩარლზ ოგასტეს ლინდბერგი გახლდათ.1927 წელს,გამოაქვეყნა წიგნი – “ჩვენ”,სადაც დეტალურად აღწერა მის მიერ შესრულებული “ტრანსატლანტიკური ფრენის” ყველა ნიუანსი.

P.S. 1932 წლის 1 მარტს,ჩარლზ ოგასტეს ლინდბერგს,ისტ-ემვილში (ნიუ-ჯერსი) მდებარე სახლიდან,ფულის გამოძალვის მიზნით გატაცებულ იქნა ჩარლზის ორწლინახევრის ვაჟი – ჩარლზ ლინდბერგი-უმცროსი.მიუხედავად იმისა,რომ ოჯახმა ბავშვის გამოსყიდვისთვის 50 000 $ გადაიხადა,იგი მაინც ვერ დაიბრუნა,რადგან საუბედუროდ,გამტაცებელმა ბავშვი გატაცებიდან ორ საათში მოკლა.გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი აღმოჩენილ იქნა გაუჩინარებიდან ორი თვის შემდგომ,1932 წლის 12 მაისს ლინდბერგების სახლის სიახლოვეს.ექსპერტიზამ დაადგინა,რომ ბავშვი დაღუპულ იქნა თავის ქალის მასიური ტრამვის შედეგად.გამოძიება 2 წლის მანძილზე მიმდინარეობდა და აღმოჩენილ იქნა კიდეც ამ საშინელებაში ეჭვმიტანილი – ბრუნო ჰაუპტმანი.მას ძიებამ არაერთი მამხილებელი საბუთი წარუდგინა,თუმცა თავად,ყოველგვარ მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფდა აღნიშნულ დანაშაულში.გარდა ამისა,ქმრის დანაშაულს უარყოფდა ბრუნოს მეუღლეც,რომელიც ირწმუნებოდა,რომ მისი ქმარი ბავშვის გატაცებისა და მკვლელობის პერიოდში ნიუ-იორკში იმყოფებოდა და აღნიშნულ დანაშაულს ფიზიკურად ვერ ჩაიდენდა.მიუხედავად ამისა,1935 წლის 13 თებერვალს სასამართლომ ბრუნო ჰაუპტმანი დამნაშავედ სცნო და მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ელექტრო სკამის მეშვეობით.აღნიშნული საქმის შესახებ მრავალი ვერსია არსებობდა.იყო მოსაზრება,რომ საქმე ფალსიფიცირებული იყო.გარდა ამისა,მუსირებდა ის ვერსიაც,რომ აღმოჩენილი ბავშვის ცხედარი არ გახლდათ ჩარლზ ლინდბერგი-უმცროსისა.თუმცა საქმე დაიხურა და განაჩენიც აღსრულებულ იქნა 1936 წლის 3 აპრილს.აღსანიშნავია,რომ თანამედროვე პერიოდში მრავალი კრიმინალისტი და ისტორიკოსი ბრუნო ჰაუპტმანის მიმართ გამოტანილ განაჩენს არამართებულად მიიჩნევს და ამას,მის წინააღმდეგ ფაბრიკაციის შედეგად შეკერილ საქმედ მიიჩნევს.1934 წელს ლინდბერგების ბავშვის გატაცების ისტორია,ოდნავ სახეცვლილი სახით აღწერა დიდმა ინგლისელმა მწერალმა ქალმა – აგატა კრისტიმ,თავის საყოველთაოდ გახმაურებულ რომანში – “მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესზე”.ჩარლზ ოგასტეს ლინდბერგის ტრაგედიამ,ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესიც აღაშფოთა და სწორედ ამ ფაქტის შემდეგ იქნა მიღებული ეგრეთწოდებული “ლინდბერგის კანონი”,რომლის თანახმადაც ადამიანების გატაცება ფედერალურ დანაშაულად იქნა მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)