რედიარდ კიპლინგი – “თეთრკანიანის ტვირთი”

გასწით,იარეთ,ვლიდეთ,

ზვირთს მიადევნეთ ზვირთი,

წარბშეკრულებმა ზიდეთ

თეთრკანიანის ტვირთი:

თეთრი შვილები ზარდეთ

და ცხრა მთას იქით ჰგზავნეთ,

მოემსახურონ რათა

დაღვრემილ აღმოსავლეთს -

ახლადდაპყრობილ ტომებს,

პირქუშ და ველურ ხალხებს.

ნახევრად ქაჯებს,ჭინკებს,

ხოლო ნახევრად – ბალღებს.

***

გასწით,იარეთ,ვლიდეთ,

ზვირთს არ დააკლოთ ზვირთი,

წარბშეკრულებმა ზიდეთ

თეთრკანიანის ტვირთი:

მოთმინებითა თქვენით

ნერვი და სისხლი წურეთ,

შიშის,სირცხვილის გრძნობა,

თავმოყვარება თრგუნეთ.

სხვისთვის საჭირო სიტყვა

სცადეთ,წარმოთქვათ მტკიცედ.

თქვენ არაფერი დაგრჩეთ,

სხვას ყველაფერი მისცეთ.

***

გასწით,იარეთ,ვლიდეთ,

ზვირთს მიადევნეთ ზვირთი,

წარბშეკრულებმა ზიდეთ

თეთრკანიანის ტვირთი:

მშვიდობა ჰპოვეთ ომით,

წლობით ოცნება აგეთ

და უმძიმესი შრომის

ნაყოფის ნგრევა ნახეთ.

ნახეთ,წარმართი ბნელი

იმედს,აგებულს ტაძრად,

როგორ დაგიმხოთ თვალწინ

და როგორ გიქცევთ ნაცრად.

***

გასწით,იარეთ,ვლიდეთ,

ზვირთს არ დააკლოთ ზვირთი,

წარბშეკრულებმა ზიდეთ

თეთრკანიანის ტვირთი:

ო,ტვირთი იგი – ზევით!

მეფეთა ტვირთი – მაღლა!

გახსოვდეთ,შავი მონა

ბევრად ტვირთმძიმე გახლავს!

იმ მონისატვის დაშვრით,

მისთვის სიცოცხლე ხარჯეთ

დასიკვდილითაც სცადეთ

მისი მსახური დარჩეთ.

***

გასწით,იარეთ,ვლიდეთ,

ზვირთს მიადევნეტ ზვირთი,

წარბშეკრულებმა ზიდეთ

თეთრკანიანის ტვირთი:

წყელვას და კრულვას მკიდეთ

მისგან,ვისთვისაც დაშვრით.

ვისაც ყრმასავით ზრდიდით,

ვინც ბრიყვია და ბავშვი,

ვისაც ამდენის თმენით

(თან გსაყვედურობთ ურცხვი!)

ეგვიპტურ წყვდიადიდან

სინათლისაკენ უძღვით.

***

გასწით,იარეთ,ვლიდეთ,

ზვირთს არ დააკლოთ ზვირთი,

წარბშეკრულებმა ზიდეთ

თეთრკანიანის ტვირთი:

წინ! არვინ უკლოს ნაბიჯს,

რადაც არ უნდა დაჯდეს!

არვის დაეტყოს დაღლა,

ჩივილი არვის დასცდეს!

წინ! შეურიგდით იმას,

რომ თქვენს საოცარ ბაღებს

ვერ მოაწონებთ ჩაგრულ

და პირმოღუშულ ხალხებს!

***

გასწით,იარეთ,ვლიდეთ,

ზვირთს მიადევნეთ ზვირთი,

წარბშეკრულებმა ზიდეთ

თეთრკანიანის ტვირთი!

ნუ,ნუვინ ელის დაფნას,

ჯილდოს ხოტბით და ქებით,

მაგრამ გჯეროდეთ,წარვლენ

ეს უმადურო წლები

და ვაჟკაცობის,ღვაწლის,

თქვენის დიდების მძლავრის

მოვა სამსჯავრო მკაცრი

მიუდგომელი მსჯავრით!