დიმიტრი უზნაძე – “ქართველთა შეგონება”
„დაჟინებითი მისწრაფება ერთხელ დასახული მიზნის განხორციელებისაკენ, რომელსაც ვერავითარი დაბრკოლება და სიძნელე ვერ სპობს; მუდმივი, დაუღალავი შრომის უნარი, თავდავიწყებითი ჭაპანის წევა, პატარა საქმეების ისეთივე სერიოზულობით კეთება, როგორც დიდი საქმეებისა, – ქართველ ხალხს ეს თვისება არ აქვს.მისი გული და ნება ჰარმონიულად ფეთქს. გული აინთება – ნებაც მოქმედებს, მაგრამ გული მალე ცივდება და ნების მაჯისცემა უმალვე წყდება. იშვიათია ჩვენში ისეთი ადამიანი, რომელიც ენერგიის გამძლეობის მხრივ საგრძნობლად არ კოჭლობდეს.
პატარა საქმეები ჩვენს გულს არ ანთებენ და უამისოდ კი ჩვენი ნება არ იძვრის; დიდი საქმეები კი გვაფეთქებენ, მაგრამ გული მანამდე ცივდება, სანამ საქმე სრულქმნის დონეს მიაღწევდეს და გულთან ერთად ნებაც დუნდება და დაწყებული საქმე ანაზდად წყდება. ამიტომ არის, რომ ჩვენი არსებობის ნიადაგს ჩვენვე ვანიავებთ და მეტოქესთან ბრძოლაში მუდამ ვმარცხდებით. საკუთარ საქმეს კი გამბედაობა და ინიციატივა ეჭირვება და ჩვენს ხალხს ეს აკლია; უამისობააა, რომ ჩვენ სხვის საწველ ფურად გვაქცევს და საკუთარ დოვლათს სხვების საკეთილდღეოდ გვადებინებს. აქტიური ხასიათი, ძლიერი ნება – აი, რა აკლია ქართველობას და ჩვენი აღზრდის სისტემაც მარტო აქეთ უნდა იყოს მიმართული.
მუდამ უნდა გვახსოვდეს,რომ გლახები და მონები იმიტომ კი არა ვართ,რომ ღატაკნი ვართ,არამედ ღატაკნი იმიტომ ვართ,რომ გლახები და მონები გახლავართ, და თუ რამ გვჭირია,უწინარეს,აქტიური ხასიათია ჩვენთვის საჭირო”. (ავტორი გენია.ჯი)