ილია ჭავჭავაძე – “ლიბერალობის” შესახებ წერდა…
“ლიბერალობა განა მალვაა,ანუ ხელის წაფარება ტყუილებისა,ოინბაზობისა,თაღლითობისა,თვალთმაქცობისა და ყოველგვარ ნამუს-ახდილობისა, და არა მხილება ყოველ ამისი? თუ საძრახავსა არ ამხელ და სამარცხვინო ბოძზე არ გააკრავ,მაშ რის მაქნისიღაა ეგ თქვენი მოწონებული,თქვენი ქადებული დოყლაპია ლიბერალობა.მაშინ ეს გამოჯარება ყოველ საქმისა,ეს მზეზე გამოტანა ყოველის ფარულის და არა ფარულის ბოროტისა, – იმისდა მიუხედავად ,შფოთს ასტეხს,თუ არ ასტეხს, – განა უწმინდაესი და უპირველესი ღირსება არ არის ჭეშმარიტის ლიბერალობისა,რომელიც-კი მას შეუძენია დიდის ღვაწლითა და ზოგჯერ სისხლის ნთხევითაცა…
ვის მოუვა ფიქრად,რომ ბოროტის მხილებას კრიჭა შეუკრას ვისიმე წყენინების შიშითა,თუ არ დოყლაპია ლიბერალსა.საბუთიანს,მართალ მხილებას,თუნდა მთელი ერისას,გონიერი ერი მადლობით ეპყრობა და არა რისხვითა და შფოთითა. (ავტორი გენია.ჯი) ჭეშმარიტი ლიბერალობა ის არის,რომ ჭეშმარიტება არავის წააწყმენდინო,არავის გააქელვინო,ბოროტს ბოროტი ამხილო,მსჯავრდაუდებლად არ შეარჩინო და, თუ საიმისოა,ცხვირიდამაც ძმარი ადინო.ბაძით ქვეყანა წახდებაო,ნათქვამია.მსჯავრდაუდებელი ბოროტი – მაცდურების მახეა და შიგ ადვილად გაიბამს თავს გულლბილი და ხასიათდაუდგრომელი კაცი.”უსირცხვილოს თუ არ არცხვენ,ბაძით მორცხვიც გაურცხვება”.
თუ აქაო-და შფოთი ასტყდება და ლიბერალობის ღაღადებით ჩვენ,ქართველებს,ხმას გაგვაკმენდინებენ, და თუ მარტო ბალღების საცდენად და საფრთხობელად არ მოაქვთ აქ უადგილოდ ლიბერალობა,რატომ ამავე მიზეზით იმ გუნდს კაპს არ ამოსდებენ,რომელთა მეცნიერნი,საცა გინდათ თუ არ გინდათ,მთელს ქართველს ერს – დიახ,მთელს ქართველ ერს! – თავზე ლაფს ასხამენ ქვეყნის წინაშე და საფლავს უთხრიან,როგორც წინათ ვთქვით.აბა თუ ერთმა ამ ცრუპენტელა ლიბერალთაგანმა ენა დასძრას და უთხრას: “კაცნო,რას მიჰქარავთ,რას მიედ-მოედებით! თუ ჩვენი ღირსება რამ გაგვაჩნია,ჩვენი საკუთარი მიწა-წყალი, – ეგა სთქვით,თუ არა-და, რას ჩასციებიხართ მთელს ქართველობას,რაზედ უტეხავთ სახელს,რაც მისია,ტყუილად იჩემებთ? განა ქართველის ერის ძაგებით,სულიერად და ხორციელად წაწყმედით ჩვენს ჩვენის სამოთხის კარი გაგვეღება? განა არ იცით,რომ თუ სადმე სანთელ-საკმეველია,თავისს გზას არ დაჰკარგავს,ბევრიც რომ შორიდან უბეროთ!” ერთს კაცსაც ამაზე ხმა არ ამოუღია და არც ამოიღებს,იმიტომ რომ ორპირნი და ცალგულნი არიან. (ავტორი გენია.ჯი) ყოველ ამას გულწრფელობა,მართლმოყვარეობა,დიდსულოვნება უნდა და დღევანდელ ბაზრისათვის არც ერთსა აქვს მაზანდა,არც მეორეს და არც მესამეს.
გამოდის,რომ ჩვენ-კი მადლობელნი უნდა ვიყვნეთ,როცა ჩვენს მთელს ერს დედა-ბუდიანად სთხრიან და ისინი-კი უნდა აგვიშფოთდნენ,როცა ჩვენს მთხრელსა და მაგინებელს – ისიც გუნდს კი არა მთელს ერს – ვიგერიებთ და იმის თვალთმაქცობას ვამხელთ.გამოდის,რომ ჩვენზედ,თუნდ ერთს ცალკე გუნდზე,მართალი ძვირიც არა სთქვათო ჩვენის შფოთისა და წყენის შიშითა და ჩვენ-კი თქვენი აღშფოთება,თქვენი წყენა აინურშიაც არ მოგვდის,თუნდ მთელი ერი გამოგილანძღოთ და მთელი გუდა ტყუილებისა ზედ თავზე დაგაბერტყოთ თქვენის სახელის გატეხისთვისაო.ეს სადაური სამართალია,სადაური ლიბერალობა? ეს ფარისევლობაა,ეს მელა-ტურობაა,ქვემძრომობაა,ეს სოროში თავის შეძვრენაა,კუდისა-კი გარეთ დარჩენა, და არა ლიბერალობა.პატიოსან კაცთა შორის ნამუსია მოციქულიო,ნათქვამია.
დეე,ამ ცრუპენტელა მწყობრმა ჭიანის ლიბერალობისამ ბალღებს პირი თევზსავით ამოუვსოს, – ჰა,ხმა,კრინტი არ დასძრათ ჩვენის მხილებისათვის,თორემ რეტროგრადის სახელით მოგნათლავთო,გონიერ კაცს-კი ვერ წაართმევენ პატიოსანს უნარს თავი გამოიდოს მართლის სარჩლისათვის და ტყუილის მხილებისათვის,როცა ამას ითხოვს განგებ შეგინებულ-გალანძღული გრძნობა ადამიანისა და ერის ღირსებისა.აქ პატიოსანი,პირდაპირი დგომაა საჭირო,პირდაპირი მხილება და არა გაქცევა და უკუდგომა მხდალსავით და ლაჩარსავით”. (ავტორი გენია.ჯი)