ჰეროდოტე – “სკვითების ზნე-ჩვეულებები”
სკვითები შავიზღვისპირა თვალუწვდენელი ველის ერთი ბოლოდან მეორეში დაეხეტებოდნენ.მათ არც ქალაქები ჰქონდათ და არც სოფლები,არც ხნავდნენ,არც თესავდნენ – მესაქონლეობას მისდევდნენ.მათი კარვები ოთხთვალებზე იდგა და როცა უნდოდათ და საითაც უნდოდათ,იქით იზამდნენ პირს.მტერი ვერც დაეწეოდა და ვერც გაექცეოდა – უძლეველები იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი)
სკვითები ღმერთების გამოსახულებებს,საკურთხევლებს,ტაძრებს არ აგებდნენ,განსაკუთრებულ პატივს კერიის ქალღმერთ – ჰესტიას,ზევსსა და მიწის ქალღმერთ გეას სცემდნენ.
ყველა ღმერთს მსხვერპლს ასე სწირავდნენ: სამსხვერპლო საქონელს წინა ფეხებს უკრავდნენ,უკნიდან თოკს გამოქაჩავდნენ და ძირს ანარცხებდნენ.შემდეგ საქონელს ქედზე მარყუჟს მოსდებდნენ,მასში ჯოხს გაუყრიდნენ,ამ ჯოხს შემოატრიალებდნენ და მოახრჩობდნენ.
სკვითები ღორებს არც მსხვერპლად სწირავდნენ და არც აშენებდნენ.
სკვითების ქვეყანაში ტყე არ ხარობდა და არც შეშა იპოვებოდა,ამიტომ ცეცხლს ძვლებით ანთებდნენ.მოკლული ხარის ხორცს ძვლისაგან ანცალკევებდნენ,კუჭს აცლიდნენ,წყალში ხორცს დებდნენ,ძვლებისაგან კოცონს აწყობდნენ და ხარის ძვლებს წაკიდებულ ცეცხლზე ხარის კუჭში ხორცს ხარშავდნენ.ძვლებს ცეცხლი კარგად ეკიდებოდა,ძვლებისაგან გაწმენდილი ხორცი კი კუჭში ადვილად ეტეოდა.
მხოლოდ ომის ღმერთ არესს სწირავდნენ მსხვერპლს განსხვავებულად: ფიჩხის უზარმაზარ კონებს ერთად ალაგებდნენ,ზემოდან რკინის ცულს (არესის კერპს) ადებდნენ და ყოველწლიურად საქონელსა და ცხენებს სწირავდნენ.ამასთანავე ცოცხლად ჩაგდებული ყოველი ასი მტრიდან ერთს ღვინოს დაათხევდნენ თავზე,დაკლავდნენ,სისხლს თასში მოაგროვებდნენ,ამ სისხლს ფიჩხის გროვის თავზე დადებულ ცულს დაასხამდნენ,ქვემოთ სალოცავთან კი ყველა დახოცილს მარჯვენა მხართან ერთად ხელს აჭრიდნენ და ჰაერში ისროდნენ.
მეომარი სკვითები განუწყვეტლივ და დაუღალავად იბრძოდნენ.სკვითები პირველი მოკლულის სისხლს სვამდნენ.ვინც მეტ მტერს დახოცავდა,მეტი დაფასება ჰქონდა.ვისაც ერთი მტერიც არ ჰყავდა მოკლული,ნადიმისას ღვინოს არ აწოდებდნენ და სკვითისათვის ამაზე მეტი სირცხვილი არაფერი იყო,ხოლო ვისაც ბევრი ჰყავდა დახოცილი,ნადიმისას ორ თასს აწოდებდნენ და ის ორივედან ერთდროულად სვამდა.
სკვითებს ბრძოლაში დახოცილების თავები მეფესთან მიჰქონდათ,რომ ნადავლიდან წილი მიეღოთ.თუ თავებს არ მიიტანდნენ,არც არაფერს მიიღებდნენ.
მოკლულ მტერს კანს აცლიდნენ და ცხენის ლაგამზე კიდებდნენ.ვისაც ყველაზე მეტი კანის ხელსახოცი ჰქონდა,ყველაზე დიდ ვაჟკაცადაც ის ითვლებოდა.ბევრი სკვითი გატყავებული კანების მოსასხამით დადიოდა,ბევრი მარჯვენა ხელის გატყავებული ხელიდან კარპაჭის ბუდეს აკეთებდა.
ყველაზე საძულველ მტერს თავს უხეთქავდნენ და თავის ქალისგან ღვინის თასს ამზადებდნენ.ღარიბები თასებს – ტყავის,მდიდრები კი ოქროს ბუდეში სვამდმდნენ.სასმისებს ნათესავების თავის ქალებისგანაც ამზადებდნენ და ამას დიდ ვაჟკაცობად თვლიდნენ.
როცა ომი მთავრდებოდა,ტომები ზავს კრავდნენ.ყოველ ხალხს ზავის დადების საკუთარი ჩვეულება ჰქონდა.მიდიელები ერთმანეთს ხელებს უჭრიდნენ და ერთმანეთს სისხლს წოვდნენ.არაბები ამ სისხლს თავიანთ წინ მდებარე შვიდ ქვას უსვამდნენ.სკვითები სისხლს ღვინოში აწვეთებდნენ,ღვინოში ხმალს,ისრებს,ცულსა და შუბს ყოფდნენ,მერე ამ ღვინოს სვამდნენ.
ერთხელ სკვიტების მეფემ გადაწყვიტა გაეგო,რამდენი ქვეშევრდომი ჰყავდა და ბრძანა,რომ თითოეულ სკვითს მისთვის საბრძოლო ისრის ბუნიკი მიეტანა; ვინც არ მიიტანდა,მას სიკვდილით დასჯიდა.
მეფის კარვის წინ ბრინჯაოს ბუნიკების გორა აღიმართა.მეფემ დათვლა ვერ შეძლო.მაშინ ბრძანა,შეეგროვებინათ ისინი და ბრინჯაოს თასი ჩამოესხათ,თასი ექვს აფორას იტევდა,სიგანე კი ექვსი თითის დადება ჰქონდა.
როცა სკვითების მეფე ავად ხდებოდა,იგი მისნებს იწვევდა და ეკითხებოდა,ვინ გამოუგზავნა ავადმყოფობა.მისნები ცეცხლთან სხდებოდნენ,შლიდნენ და აწყობდნენ სამკითხაო წკნელებს და ბოლოს აცხადებდნენ,რომ დამნაშავეა ის,ვინც თითქოსდა ტყუილზე დაიფიცა სამეფო კარის ღმერთები.დადანაშაულებულ კაცს იხმობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) თუ იგი ბრალს უარყოფდა,მაშინ ორჯერ მეტ ახალ მკითხავს იწვევდნენ.თუ ისინი ბრალდებას აღიარებდნენ,კაცს თავს მოჰკვეთავდნენ,თუ არა – პირველად მოხმობილ მისნებს დასჯიდნენ.მათ ასე კლავდნენ: ურემს ფიჩხით აავსებდნენ,შიგ ხარებს შეაბამდნენ,მისნებს შებორკავდნენ,პირში რამეს ჩასჩრიდნენ,შუა ფიჩხებში შეაგდებდნენ და ფიჩხს ცეცხლს წაუკიდებდნენ.ზოგჯერ მისნებთან ერთად,თუ შეტრუსულები გაქცევას ვერ მოახერხებდნენ,ხარებიც იწვოდნენ.
თუ მეფე მაინც მოკვდებოდა,მის სხეულს გამოფატრავდნენ,სურნელოვანი ბალახით გამოტენიდნენ,ცვილით დაფარავდნენ,საზიდავზე დადებდნენ და მთელ სკვითიას შემოატარებდნენ.თითოეული ტომი მოთქვამდა,ხალხი თმებს იკრეჭდა,სახეს იხოკავდა,ისრით ხელებს იხვრეტდა,ყურის ნაწილს იჭრიდა.
საბოლოოდ გვამი სკვითიის შორეულ ჩრდილოეთში,ტყის პირას მიჰქონდათ.აქ საფლავს თხრიდნენ,მასში ცხედარს ფლავდნენ,ხარჭას,მსახურს,მწადეს,მზარეულს,მეჯინიბეს,მაცნეს,ცხენებს,ყველა სხვა ცხოველის პირმშოებსა და ოქროს ფიალებს ატანდნენ,რომ ისინი მეფეს იმქვეყნად მომსახურებოდნენ და გამოსდგომოდნენ,საფლავზე კი დიდ ყორღანს არმართავდნენ.
მომდევნო წელს ამ ყორღანთან იყრიდნენ თავს,სამეფო რემიდან ხუთას ცხენს და მეფის ამალიდან ორმოცდაათ ყმაწვილს ამოარჩევდნენ და ხოცავდნენ,მათი სხეულებიდან ფიტულებს ამზადებდნენ და ყორღანის ირგვლივ ხის ბოძებზე დამაგრებულ ბორბლებზე აკრავდნენ.მკვდრების ეს მოძრავი ბორბალი მერეც დიდხანს ერტყა სამეფო ყორღანს.
როდესაც სკვითები კვდებოდნენ,უახლოესი ნათესავები მათ გვამებს ეტლებზე დადებდნენ და მეგობრებსა და ნაცნობებში ჩამოატარებდნენ.ისინი ჭირისუფლებს უმასპინძლდებოდნენ და გვამსაც ყველაფერს უნაწილებდნენ.ორმოცი დღის შემდეგ მიცვალებულს მარხავდნენ,თვითონ კი იწმინდებოდნენ.
სკვითებს ორთქლის აბანო ჰქონდათ.კარავს შლიდნენ,კარავში ქვაბს დგამდნენ,ქვაბში გავარვარებულ ქვებს აგდებდნენ,ქვებს სკვითური კანაფის მარცვლებს აყრიდნენ.ისეთი ოხშივარი და ორთქლი ამოდიოდა,რომ ვერც ერთი ელინური აბანო მას ვერ შეედრებოდა და სკვითებიც სიამოვნებისაგან ღმუოდნენ.
ქალები კი წყალში დანაყულ კვიპაროსს,კედარსა და ლიბანოსს ერთმანეთში ურევდნენ,ამ მასას მთელ სხეულსა და სახეზე ისვამდნენ,მეორე დღეს იცილებდნენ და სუფთები და გაკრიალებულები გამოდიოდნენ.
ასეთი იყო სკვითების წეს-ჩვეულებები.ისინი თავიანთ ჩვევებს მტკიცედ იცავდნენ და სხვა ხალხებისგან არაფერს სწავლობდნენ. (ავტორი გენია.ჯი)