“შეგცოდეთ, – შეგვინდევ და გვაპატიე,ჩვენო დაუვიწყარო მამამთავარო!”

მშვიდობით თვენო უწმინდესობავ!

ეს ერთი კვირაა,შენი ანჩისხატი,მთელი მორწმუნე თბილისის ქართველობასთან ერთად,გულდათუთქული დაგქვითინებდა ტყვიით განგმირულ თვისს მამამთავარს.დღეს კი ჩვენი სამშობლოს ყოველი კუთხიდან მოზღვავებულა მთელი საქართველო,შენი საწმყსო,რათა მიგაცილოს საუკუნო განსასვენებელ სავანემდე.დაობლებული შენი საწმყსო,ისევ დაქვრივებული ივერიის ეკლესია დღეს საქვეყნოდ მოსთქვამს და ჰგოდებს თვისს ვაებას,თვისს უბედურებასა,თვისს ეგზომ დაცოდვილებას,სამშობლო ქვეყნის გარეშეთაგან გაჭირვებას: ეს შენი საიდუმლოებებით მოცული კუბოც მძიმე ლოდივით დაგვერთო. (ავტორი გენია.ჯი) ასეთ განსაცდელს ადგილი აღარ უნდა ჰქონებოდეს ჩვენში.

არ ვიცი.შენი ასეთი მოულოდნელი და უცნაური სიკვდილი ჩვენი გაუგებრობის,თუ უმადურობის ნაყოფია.ზოგჯერ მტერი ვერ უზამს ადამიანს იმას,რასაც თვით ადამიანი თავის თავსაო, – სწორედ ჩვენზეა ნათქვამი.სხვებმა,გარეშეებმა,ჩვენმა მტრებმა და ორგულებმაც კი შეიგნეს შენი დიდი პიროვნების ღირსება,ჩვენ კი ვერა! სხვებმა,უცხოელებმა,დააფასეს შენი გონებრივი და ზნეობრივი ღვაწლი სამშობლოსათვის,ჩვენ კი ვერა…

ვერ გამიგია,რას ვთხოულობდით კიდევ შენგან?! სხვა ქვეყანაში ასეთ ნაამაგდარ,დამაშვრალ მცხოვან მოღვაწეს დაასვენებენ ხოლმე,სიბრძნის ჟამს დაუტკბობენ,განვლილ ტანჯვა-წამებას დაუამებენ და თუ კიდევ სამოღვაწეოდ მოიწვევენ,მაშინ თავს ევლებიან მას,ტვირთს უმსუბუქებენ,რათა მისს სიბრძნე-გამოცდილებით ისევ ასარგებლონ ქვეყანა.ჩვენ ასე ვერ მოგექეცით.ჩვენ მხოლოდ უუფლებო კათოლიკოს-პატრიარქად ამოგარჩიეთ! თითქოს ჩვენი ეკლესიის ხომალდის საჭეთმპყრობელად მოგიწოდეთ,ნამდვილად კი ეს საჭე ხელიდან გამოგტაცეთ!

ქედმაღლობა,გამძვინვარებული შური,საარაკო თავხედობა და გულფიცხობა ვაწარმოეთ თვისის მამამთავრის გარშემო… უკანასკნელნი დღენი სიცოცხლისა ჩავუმწარეთ და ახალ საქართველოში ეკლესიასაც ძირი გამოვუთხარეთ,არსებობის ნიადაგი გამოვაცალეთ…

განა მარტო კირიონ კათალიკოზს მოვექეცით ასე? უფრო მეტის სისასტიკით გავისტუმრეთ საიქიოს დიდი ილია! წიწამურისა და მარტყოფის ტრაგედია საქართველოს დაუძინებელი მტრების მიერ ჩვენში დათესილმა ერთმანეთის ჯგუფურმა გადაკიდება-კინკლაობამ შეამზადა.მტრებმა დაგვქსაქსეს,ერთმანეთის მტრებად გადაგვაქციეს,საკუთარ ოჯახში შინაური მტრები და ჯაშუშები გაგვიჩინეს და ეს თავზარდამცემი უბედურება თვით ქართველების ხელით გააკეთებინეს… რაღა გვეთქმის ამ შავბნელ ბოროტებაზე?.. – შური,ერთმანეთის მძულვარება და გაუტანლობა დაესადგურა ჩვენს შორის და ეს გვათხრევინებს ჩვენს სამარეს ჩვენივე ხელით…

როდესაც ილიას და კირიონს ყიჟინას სცემდნენ უგუნურნი,ჩვენში არ აღმოჩნდა ვინმე,რომ დამაშვრათათვის ნუგეში ეცათ,მათთვის მოეგერიებინათ უპასუხისმგებლო კალმოსანნი.პირიქით,უფრო ასისიანნებდნენ მათ…

ილიასა და კირიონს მამულიშვილობა,უანგარობა და სამშობლოსათვის თავგანწირვა როდი ესწავლებოდათ,საყვარელნო!.. მაგრამ დღეს რაღა გვეთქმის… დღეს ისევ საქვეყნო სირცხვილში ჩავცვივდით,ქართველნო… (ავტორი გენია.ჯი) ეტყობა,ისტორიის გაკვეთილები ისევ ფუჭია ჩვენთვის,ჯერჯერობით მაინც… მაგრამ ღრმად გვწამს საქართველოს ჭირისუფლის,ნიკოლოზ ბარათაშვილის ანდერძი:

“ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირულის სულისკვეთება

და გზა უვალი,შენგან თელილი,მერანო ჩემო,მაინც დარჩება”.

დიახ,”გზა უვალი”,კირიონისგან “თელილი”,უსათუოდ დარჩება.ამ გზაზე უკვე დაგვაყენა განსვენებულმა.პირველმა მან შეაშუქა ჩვენს საზოგადოებაში ჩვენი ეკლესიის განთავისუფლების აზრი.შეაშუქა არა 1905,ან 1917 წლებში,როდესაც ქვანიც კი ღაღადებდნენ,არამედ უფრო ადრე,როდესაც სუსხიანი ცარიზმისგან ყოველი აზრი და იდეა თავისუფლებაზე იყო ჩვენში გაყინულ-გათოშილი; კირიონი კი მაშინაც სთესდა ჩვენში თესლსა კეთილსა.ის შეესწრო კიდეც ამ თესლისაგან ნაყოფის გამოღებასა,მაგრამ თვით კი ვეღარ იგემა თავისი ნამუშევარი.ასეთი ყოფილა ხვედრი ქართველ საზოგადო მოღვაწეებისა და ვერც კირიონი ასცდა თავის ხვედრს…

არ შემიძლია არ გამცნოთ,საყვარელნო,კირიონისაგან ერთ საეკლესიო წრეში უკანაკნელად წარმოთქმული აზრი ჩვენს ძალთა ურთიერთ განწყობილებაზე: “ოცი წლის განმავლობაში დაშორებული ვიყავი სამშობლოს, – ბრძანა განსვენებულმა, – შორიდან თვალყურს გადევნებდით,ვფიქრობდი,რომ ამ ხნის განმავლობაში თქვენ საკმარისად შეიგენით საქვეყნო მოვალეობა,მაგრამ როგორც ახლა ვრწმუნდები,თქვენ უფრო დაქვეითებულხართ.თუ ხელახლა დაიბადებით,თორემ სხვაფრივ თქვენი გამობრუნება შეუძლებელია”. ასე ნაღვლიანად დაასრულა თავისი მწემსთავრული მხილება.

იმედი უნდა ვიქონიოთ,რომ ჩვენ “ხელახლა დავიბადებით”,როგორც განსვენებულმა გვამცნო, – ახალ საქართველოში,მხოლოდ თავისუფალ საქრათველოში აღორძინდება,ამაღლდება,გაფაქიზდება ძალთა განწყობილება,მხოლოდ განახლებულ მოქალაქეობაში შევძლებთ უკუვაგდოთ აწ დამხობილ მონობისაგან ნაანდერძევი გახრწნილი ზნე-ჩვეულებანი და შეერთებული ძალღონით სამშობლოს ვემსახუროთ.იმედი უნდა ვიქონიოთ,რომ აწ თავისუფალ საქართველოში თავისუფალი ეკლესია შესძლებს აღზარდოს სამშობლოს ღირსეული მოქალაქენი მტკიცე ქრისტიანულ ზნეობის ნიადაგზე.უნდა შევიგნოთ,საყვარელნო,რომ მხოლოდ წმინდა სახარების მცნებებზე აღზრდილი ერია უკვდავი და უძლეველი.

ამ რწმენით მიგაცილებთ,ტანჯულო მამამთავარო,საფლავის პირზე; აქ ჭაღარა სიონის ტაძარში მივაბარებთ შენს ნეშტს,მშობლიურ მიწას.აქ დაისვენე და განისვენე დამაშვრალო! აქ მაინც აღარ იქნები “განმარტოებული”,აქ მუდამ სინანულის ცრემლებს დავაფრქვევთ შენს წმინდა საფლავს.შენც,უწმინდესო მეუფეო,აქედან თვალ-ყური გვადევნე,გაგვამხნევე,არ დაგვივიწყო,არ დაგვწყევლო,არ შეგვაჩვენო! პირიქით,შენებურად,დიდსულოვნად შეავედრე ჩვენი ეგზომი დაცოდვილება სიონის ღვთისმშობელს,წმინდა ნინოს და ჩვენს ნათლით მოსილ წინაპართ…

შეგცოდეთ, – შეგვინდევ და გვაპატიე,ჩვენო დაუვიწყარო მამამთავარო!

ღმერთი იყოს შენი მოწყალე,ამინ!

P.S. დეკანოზის ნიკიტა თალაკვაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა სიონის საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის ანდერძის აგებაზე.1918 წლის 7 ივლისსს კვირა დღეს. (ავტორი გენია.ჯი)