უილიამ შექსპირი – “სონეტი XXXVII”
როგორც მოხუცი მამა უმზერს ძესა თუ ასულს.
რომელთა გზნება სიყმაწვილით ტკბობას ხმარდება,
მეც ბედისწერის სამსჯავროზე კოჭლობით გასულს,
შენი სიკეთის დანახვაღა გამიხარდება.
***
მთელ შენს ღირსებას,მთელ სიტურფეს და სათნოებას,
ან თუნდაც ნაწილს,თუნდ ცხადლივ და თუნდაც ფარულად,
ასე მგონია,მიტომ სტაცებ ამაოებას,
რომ გარდაიქმნას მაცოცხლებელ ჩემს სიყვარულად.
***
რომ შენი ჩრდილიც მანათებდეს ცისკრის მზესავით,
რომ აღარ ვდევდე წუთისოფლის ბილიკს საპყარი,
რომ შთაგონება მოვიძიო მაცდურ მზერაშიც,
თუნდ სულ მცირედში,სამოწყალოდ რაც მომაპყარი.
***
შენზე უკეთეს რადგან ქვეყნად ვერავის ვხედავ,
ბედნიერების დაუფლებას ათმაგად ვბედავ.