„ულვაში” – სინდის-ნამუსის სინონიმი…
შემჩნეული გექნებათ, რომ ულვაში ყველა ქართველში საგანგებო პატივში იყო (განსაკუთრებით იმერლებში, მეგრელებში და გურულებში) და საგანგებოდ ჰქონდათ კიდეც მოვლილ-დამუშავებული, ვაჟკაცურად აპრეხილ-დაპრეხილი. ულვაშისადმი უკიდურესად გამახვილებული ყურადღება ჩვენში ჩვეული მოვლენა იყო და იგი ხშირად ასოცირდებოდა სინდის-ნამუსთანაც კი. აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ ერთ მეტად საინტერესო ისტორიას, სადაც ულვაში და სინდის-ნამუსი სრული სინონიმები გახლავან ერთმანეთის.
ერთხელ გურიის საზღვარზე თურქეთში გადახვეწილი იმერელი დაიჭირეს და მართებულობას მიჰგვარეს. დაკითხვაზე მან განაცხადა:
„12 წელიწადი დავძრწოდი აჭარაში, ლაზეთში, ქობულეთში და ჩემი სირცხვილისა და თავის მოჭრას ვერსად დავემალე. შემდეგ სამშობლოს ნატვრას ვეღარ გავუძელ და ახლა ამ გზით ვაპირებდი შემოღწევას, რათა, სხვას რომ თავი დავანებოთ, ცოლ-შვილისთვის თვალით მაინც დამეხედა. ჩემი დანაშაული… არა, დამნაშავე მე ნამდვილად არა ვარ, მაგრამ მაინც ასე ვამბობ. (ავტორი გენია.ჯი) ჩემი დანაშაული ესაა: ვიღაც კეთილმა ხალხმა პირწმინდად გამქურდა, ოჯახი დამემშა და უკიდურესმა გაჭირვებამ ებრაელ შავლოხას მიმაყენა: იმ ქრისტეს გამყიდველს ყურძნის შემოსვლამდე 15 მანეთი ვესესხე. ოქტომბერში კი ვალის ანგარიში შინ უნდა მიმერთმია 10 საპალნე მაჭარი, რომელიც ბარემ 20 მანეთად დაფასდებოდა. ის უწმინდური ადგა და გირაო მომთხოვა. რა მქონდა და რას მივცემდი! – ულვაში მომპარსე-მეთქი, – ვეუბნები, – თუ ვალი არ დაგიბრუნო. ის კიდევ: – რას მემუქრებიო („ულვაში მომპარსე” მუქარასაც ნიშნავდა), – მეუბნება, – ფულს კი არ გიჭერო. მე ხომ ვიცი შენი კეთილი გულის ამბავი. შენ რომ ფულს მოგცემ, გინდა საკუთარ ჯიბეში მდებიაო, მაგრამ აი, გირაო მაინც საჭიროაო! ღმერთი ხომ ხედავს, ისეთს არაფერსა გთხოვ. ცოტა კი გეტკინება, მაგრამ ბავშვიც აღარ ხარო. ამოიძრე ულვაშის ღერი, ერთადერთი ღერი და გირაოდ დამიტოვე. რომ გავსწორდებით, შენს ულვაშს უკანვე მოგართმევო.
ახლა კი ვნანობ, იმ თახსირს იქვე რომ არ ვაძგერე ფერდში ხანჯალი, მაგრამ რაღა დროსია! წინ ჩემი საბრალო ჯიჯიკის შავშავი, დარდიანი თვალები დამიდგა, ჩემი ბეჩულასა და შოშიტელას ტირილ-სივილი ხომ ყურებიდან ისედაც არ გამომდიოდა: საჭმელი იმათ არ ჰქონდათ, ჩასაცმელ-დასახურავი იმათ არ ჰქონდათ… ვიფიქრე, ვიფიქრე, მერე ავიღე ეს ჩემი ულვაშის ღერი და ურიას ხელში ჩავუდე. ტყუილად არ გადმომცვენია მაშინ ცრემლები! ღვინო არ მოგვივიდა იმ წელს და ვალი ვერ გავისტუმრე. ახლა შავლოხამ რა ქნა?! ღმერთო, შემიწყალე! აბა, როგორა ვთქვა?.. მაშინ ხომ დავისხი თავს ლაფი და თქვენს წინაშეც იმავეს ხომ არ ვიზამ? შავლოხამ მაშინ მითხრა: – არ მიბრუნებ ხომ ვალს? კარგი! აი, ესეც შენ! დააძრო ჯიბიდან რაღაც ჭუჭყიან-ტურტლიანი ქაღალდის ნაგლეჯი, გაშალა, ამოიღო იქიდან ჩემი ბედკრული ულვაშის ღერი და… და… ამოიდო…”
და აქ ჩვენების მიმცემმა ერთი ხელი დრამატულად აიფარა თვალებზე, მეორე ხელის საჩვენებელ თითს კი ჰაერში იქნევდა და ცდილობდა, ძაღლის კუდის ქიცინისთვის მიებაძა.
გლეხი ქვითინებდა, კანცელარიის გულქვა მწერლები კი ჩვენების ჩანაწერს აწესრიგებდნენ.
იმ უბედურის ხვედრით დაინტერესებულთათვის კი მოკლედ ვიტყვი: როცა იგი, – ასე უმოწყალოდ შერცხვენილი და თავლაფდასხმული, – თურქეთში გადაიხვეწა, მისი ოჯახი მებატონემ თავის სასახლეში გადაიყვანა, გლეხი ლტოლვილებაში კიდევ ორიოდე თვე რომ დარჩენილიყო, ოჯახი სხვა მებატონის ხელში გადავიდოდა, მაგრამ საცოდავმა სულზე მოუსწრო და, ვინაიდან მიწათმოქმედ გლეხთა კლასს ეკუთვნოდა და არა მოჯალაბისას, ცოლიც დაიბრუნა და წამოჩიტული შვილებიც. საქმე ისაა, რომ მისთვის, როგორც მიწათმოქმედისთვის, ოჯახურ უფლებათა ჩამორთმევა დარღვევა იქნებოდა დებულებისა, ესე იგი ადგილობრივი ადათისა.
ურიას რაც შეეხება, იგი სწორედ იმ საბედისწერო ანგარიშსწორების 12 წლითავზე, როცა გაუბედურებულ იმერელს თავისი მოქნილი თითით ჰაერში სხვადასხვა ფიგურები გამოჰყავდა, – სავაჭრო საქმეებზე ქალაქ ონს გაემგზავრა. რამდენიმე დღის შემდეგ შქმერის უღელტეხილზე, ქალაქებს ონსა და საჩხერეს შორის, ხეზე ჩამოკიდებული სამი კაცის გვამი იპოვეს. ამათგან ერთ-ერთი შავლოხა აღმოჩნდა. ვალის გაცემიდან 13 წლის შემდეგ კი ჩამოხრჩობილის ცოლ-შვილმა 10 საპალნე ღვინო მიიღო ვიღაც იმერლისგან, რომელიც მანამდე თვალითაც კი არ ჰყავდათ ნანახი. ეს საქციელი უბრალო იმერლის მიერ ყოვლად მარტივი მსჯელობით იქნა დასაბუთებული:
„შავლოხას ჩემი შეურაცხყოფისათვის თვითონ ღმერთმა გადაუხადა სამაგიერო. ახლა ჩვენ ბარიბარში ვართ, მაგრამ ვალი ხომ ჩემზე რჩება. და მაინც 10 საპალნეზე მეტი საჭირო არაა”. (ავტორი გენია.ჯი)