ოთარ ჭელიძე – “რა თქმა უნდა”
თვალწინ რომ დამიდგება
დღეთა ჩემთა დასასრული,
სახე როცა გამოკრთება
საკუბოვედ გაპარსული…
მომიტევოს ერთიანად
ცოდვები და ადრე გაცლა,
ვინც მზით დამარეტიანა
და მაცხოვრის ჯვარზე მაცვა.
თუ აუგად არ ჩამითვლის,
მომიტევოს ერთმა ლოდმა -
კლდიდან ჩემი საფლავისთვის
რო მოვგლიჯე ლექსის ლოთმა.
პატიებას შევთხოვ ხესაც -
ჩემი კუბოს ფიცრად გათლილს -
ვიღაც უბედურთან ერთად
რო ჩამარხავს მიწა ქართლის.
- მომიტევონ, – ვთქვი და სადღაც
ჯავრიანი ხმა გაისმის;
გულმოსული ღვთის ხმას ჰგავდა
ხმა ქართველი დარბაისლის:
- პატიებას ითხოვ,რადგან
იცი – ყველა გაპატიებს
სიკვდილს,საქართველოს გარდა,
ვისაც ურვა არ აკვირვებს.
არც გკითხულობს,რახან სუნთქავ,
თითქოს შენი დარდი სხვაა.
რა ხმა მესმის?
რა თქმა უნდა,
გარდაცვლილი მამის ხმაა.