მემედ აბაშიძის სიტყვა – ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზედ…
ს ა მ შ ო ბ ლ ო ს ძ მ ა ნ ნ ო დ ა დ ა ნ ნ ო !
ამ თვეს უღმრთოდ და ვერაგულად სამშობლოსათვის წამებული დიდი ილია მშობელმა მისმა,როგორც ჭეშმარიტი ღვიძლი შვილი,ჩაიკრა სამარადისოდ თავის მშობლიურ გულ-მკერდში!.. და გულამოსკვნილი ცხარისა ცრემლებითა და ნაღვლიანისა ხმითა მიმართა თვის სანუგეშო და საიმედო შვილის ილიას მკვლელებს – ბოროტ ავაზაკებსა:
“აწ თქვენთვის არამი იყოს ჩემი ამაგი,თქვენდამი ჩემი ზრუნვა,შრომა და ღვაწლი – ჩემი მშობლიური ტკბილი ძუძუ,რითაც გაიკვებენით! შიშვლები შეგმოსეთ,ობლები დაგავაჟკაცეთ,ცოტად თუ ბევრად ცხოვრების საასპზრეზო მოედანზედ გამოგიყვანეთ,იქნებ მომშველებოდით და ჩემს ძველ წყლულებს მალამოს დამიდებდით და მით ტანჯვა-მწუხარებას შემიმცირებდით და დამაიმედებდით – იქნებ სამშობლოს სახეიროდ სადგომებზე ანუ გზატკეცილებზედ მაინც მომხმარებოდა.ხოლო ამგვარი შემარცხვენი,საზარელი და თავზარდამცემი შემაძრწუნებელი საქციელი არ მომხდარიყო?!
თქვენ მოჰკალით საუნჯე ჩემის ცხოვრებისა!.. თქვენ დამიბნელეთ სინათლე ჩემის არემარისა!.. თქვენ დაჰგმეთ ჩემი ვინაობა!.. თქვენ უარჰყავით ჩემი წარსული,რომელიც იწყება შორეული ისტორიის საზღვარს იქითა!.. თქვენ დამასახიჩრეთ!.. თქვენ დამამახინჯეთ!.. ამომთხარეთ შანთებით ორივე თვალები!.. ამომგლიჯეთ ენა,გულ-ღვიძლი ისე,როგორც ულმობელმა ჯალათმა!..
აწ ძალ აღარ მიძს! დასტკბით ჩემი სისხლითა,გაიხარეთ,სამშობლოს მტრებო!”
აი ამგვარის ცხარე ცრემლებითა და წყევლა-კრულვით მოგმართათ სამშობლომ ილიას სამარისგან.ამ გულშემზარავი საქციელის გამო,მაგრამ მშობლიური კილოთი გამონათქვამი ნაღვლიანი გოდება თქვენ ყურთასმენას ეჩორითება! და არა გსურთ გაიგოთ ის,რაც თქვენთვის საინტერესო არაა და რაც თქვენთვის უმნიშვნელოა!.. ოჰ,ღმერთო ჩემო! ეს რა გადაჭარბებული,რა მახინჯი და რა თავზარდამცემი მოვლენაა?.. განა მოსასაზრებელი უნდა ყოფილიყო ასეთი საზიზღარი საქციელი?.. ვინმე ვარდის კონითა რომ შეხებოდა ილიას,ესეც არ ეპატიებოდა!.. მტრებზედ შესატევი იარაღი იხმარებოდა განა სამშობლოს საუკეთესო შვილზედ? სირცხვილი თქვენს მამულისშვილობას,თქვენს ადამიანობას!.. განა დღეის იქით შეგიძლიათ სთქვათ,რომ ჩვენც ვართ ადამიანებიო?! არა! ამის თქმის უფლება დღეიდან სამუდამოდ დაკარგული გაქვთ!
აბა ერთი მითხარით,რას ერჩოდით იმ მწუხარს და მშვიდობიანს მოხუცს?.. რა დააშავა მან?.. რამ მოგაფიქრებინათ და გადაგაწყვეტინათ ეგ შხამიანი საქციელი? (ავტორი გენია.ჯი) იქნებ იმისთვის მოჰკალით იგი,რომ დაუღალავათ იბრძოდა სამშობლოსათვის? იქნებ იმისთვის მოჰკალით ის დიდებული მგოსანი რომ,იგი დიდს თაყვანს სცემდა დედა ენას და თავისის ქვეყნის ერსა?.. იქნებ იმისთვის აწამეთ ის მეცნიერი,რომ იმან ყველას ამცნო და შთაუნერგა განურჩევლად წოდებისა და მდგომარეობისა ეროვნული გრძნობანი და სიყვარული?..
შეცდით თქვე უგუნურებო! შეცდით და ვერ გაიგეთ მისი ცხოვრება,მისი მიმართულება,მისი სერიოზული აზრები და ოდნავადაც ვერ დააფასეთ იგი! მისთანა სულმნათ მოღვაწეებს სხვა განათლებულ ქვეყანაში სიცოცხლშივე ძეგლს უგებენ,ხელით ატარებენ და სულში ისმენ.თქვენ კი გულს უგმირავთ და ზედმეტ ჩირქსა სცხებთ! რისი იმედი გაქვთ? თუ დღეს ცხოვრების ჩარხი მრუდედ ტრიალებს,ნუ გგონიათ,რომ ეს ხანგრძლივი იყოს! ცხოვრება მალე ჩავარდება კალაპოტში,ის მალე დაიწყებს ჩვეულებრივად ტრიალსა და პირუთვნელად აღნუსხავს ყოველივე იმას,რაც თქვენ ჩაიდინეთ,მოიხვეჭეთ,დაიმსახურეთ!
დიაღ! დიდი დანაშაული მიგიძღვით როგორც ილიას,ისე სამშობლოს წინაშეც,მაგრამ ჯერ კიდევ საშუალება გაქვთ,ოღონდ კი გულწრფელად მოინდომეთ და ხმამაღლა აღიარეთ საქვეყნოდ:
“ჩვენ სინდისმა გვიღალატა,უგუნურებამ შეგვაცდინა,შურმა დაგვძლია,გთხოვთ მოგვიტევოთ; თქვენ სულგრძელი და მომთმენი ბრძანდებით,მუხლმოდრეკილი თქვენს წინაშე შენდობას ვითხოვთ – გვაპატიეთ,შეგვინდეთ!” ვიცი და მჯერა: ილია ისეთი სულგრძელი და გრძნობამაღალი არსება არის,რომ გაპატიებთ და თან სამშობლოს წინაშეც იშუამდგომლებს,რომ თქვენ აქაც იქმნეთ შენდობილნი!
აი,თქვენდამი ჩემი რჩევა და დარიგება,თქვე უბადრუკნო და მუხანათნო!” (ავტორი გენია.ჯი)