შარლ დე გოლის მოსაზრებები…
1. „ისე არაფერი უწყობს ხელს პატივისცემის დამსახურებას, როგორც დუმილი: ლაპარაკი ყოველთვის ფიქრის შეფერხებაა, შემაღლების კლება, ანუ აქეთ-იქით მიდებ-მოდებაა, როცა საქმე ერთ მუშტად შეკვრას ითხოვს. სახარებისეულ სრულყოფილებას სხვებზე ბატონობისკენ არ მივყავართ… მოქმედების მოყვარული კაცი ვერაფერს მიაღწევს თავკერძობის, სიამაყის, სიმტკიცისა და შეუპოვრობის გარეშე. ოღონდ ყველაფერი ეს მხოლოდ დიად საქმეთა აღსასრულებლად უნდა გამოიყენოს!”
* * *
2. „სიცხით ჩახუთულ ჩემს პატარა სამუშაო ოთახში საბოლოოდ შევაფასე, რა შეიძლება მოჰყვეს შიშს – სულ ერთია, შენს მტერს ეშინია და სწორედ ამ შიშის გამო უფრო მეტად უნდა შენზე იძიოს შური, თუ შენს მოყვარეს – ვისაც მოსალოდნელი შედეგის გამო, უეცრად მოერევა ეს მდაბალი განცდა”.
* * *
3. „ჯარისკაცისათვის ბრძოლა, თუნდაც საზარელი, საზარელ უმოქმედობას მაინც სჯობს”.
* * *
4. „დიადი ადამიანები ქმნიან, იბრძვიან და ყოველთვის წინ უძღვიან ისტორიას ან როგორც ტირანები, ან როგორც მსხვერპლნი, ანდა – როგორც გამარჯვებულნი, რომელთა გენიაც – დაუნახავი ან თვალში საცემი – ყველაზე უტყუარად სწორად მათივე ჯარის სარკეშია ასახული”.
* * *
5. „მე ძალიან ვგავარ ჟანა დ’არკს, ოღონდ მისგან განსხვავებით, არმია არ მყავს”.
* * *
6. „როცა მეზობელ ტყეებში დავბორიალობ, მათი სიმშვიდე და მდუმარება ნაღვლიან გუნებაზე მაყენებს, მაგრამ საკმარისია, უცებ ჩიტის სტვენას მოვკრა ყური, მზის სხივი დაეცეს ფოთოლს, ანდა ქარმა შეარხიოს ნედლი ტოტები, რომ ვრწმუნდები – სიცოცხლე, რაგინდარა ბრძოლაში ჩართული, მაინც მუდამ გამარჯვებისთვისაა განწირული!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
7. „დიდი მხედართმთავრები მუდამ აცნობიერებდნენ ალღოს მნიშვნელობასა და ფასს; ალექსანდრე მაკედონელი ამას საკუთარ „იმედს” ეძახდა, იულიუს კეისარი – „იღბალს”, ხოლო ნაპოლეონი – „ვარსკვლავს”.
* * *
8. „ბატონებო, ომის წარმართვის ხელოვნება, არსებითად, კვლავაც გაუთვალისწინებლის განჭვრეტის უნარზეა დამოკიდებული”.
* * *
9. „თავდაცვისთვის მუდმივი მზადყოფნა აუცილებელია, თუმცა ბრძოლაში მხოლოდ თავდაცვაზე ფიქრი დამღუპველი იქნება”.
* * *
10. „მუდამ მჯეროდა, რომ საფრანგეთს წარმოუდგენელი განსაცდელი ელოდა წინ; ხოლო ჩემი ცხოვრებისეული ინტერესი სამშობლოსადმი განსაკუთრებულ სამსახურში იდო. ვიცოდი, ამის შესაძლებლობა უთუოდ მომეცემოდა…”