მორის ფოცხიშვილის პატარა ლექსები…
მაშინ დავმარცხდი,
მერე ბოლო მომიღო თრობამ, -
მტრებმა როდესაც
მეგობრობა შემომთავაზეს
და მეგობრებმა
დამიწყეს მტრობა.
* * * * *
ქვეყნად მოსვლა,
სხვა თუ არა
იმიტომ ღირდა,
რომ ერთხელ მაინც
მეთქვა, -
მიყვარხარ!!!
* * * * *
გიხაროდეს,
ბოროტება როცა გებრძვის,
გული დაგწყდეს,
როცა გიამხანაგდება.
* * * * *
ნადირთა მეფედ
კვლავ შევრაცხეთ
რატომღაც ლომი.
თვითონ მხეცები
რას ფიქრობენ,
არ ვინ კითხულობს.
* * * * *
მკვლელი,რომელსაც
ჯერაც არავინ მოუკლავს,
ასე თუ ისე,
იმ მკვლელზე უფრო სასიშია,
რომელმაც მოჰკლა.
* * * * *
თვალები დაითხარეთ,თვალები, -
იქნებ თვალებდათხრილებმა
მაინც დაინახოთ
ის,რასაც ქვეყნად
თვალხილულნი
ვერ ხედავთ დღემდე.
* * * * *
მე მეშინია არა იმის,
რაც უკვე მოხდა,
რაც არ მომხდარა
არასოდეს,
მე ის მაშინებს.
* * * * *
ჩემი აქ მოსვლის
მიზეზ-მისია?
შენ რომ უკვდავგყო!
საკმარისია?!
* * * * *
იძულებითი მეგობრობა
კიდევ ჰო,მაგრამ
იძულებითი სიყვარული
რაღაა ნეტავ?!
* * * * *
მხოლოდ
ერთგულთა ორგულობა
თუ გამაოგნებს,
თორემ
ორგულთა მტრობა ქვეყნად
ვინ გაიკვირვა.
* * * * *
ვინც უკვე მოკვდა,
არასოდეს აღარ მოკვდება,
ის შეიძლება
მკვდრეთით აღსდგეს
მხოლოდ და მხოლოდ!
* * * * *
ბოლოს და ბოლოს,
რაღაც ყველას
რჩება უთქმელი.
* * * * *
ბევრი ლაპარაკი
არ მინდა,
ასე სთქვით:
მოვიდა და
წავიდა!