ისოკრატესი “ათენის ჰეგემონობის” შესახებ წერდა…
“თუ ყოველ საქმეში პატივი ყველაზე გამოცდილსა და ყველაზე უნარიანს უნდა მიეგოს,მაშინ ჰეგემონობა უდავოდ ჩვენზეა ალალი.აკი ადრეც ჩვენ გვეკუთვნოდა.აბა თქვას ვინმემ,რომელი ქალაქია სახმელეთო ბრძოლებში ისეთივე გამორჩეული,როგორც ჩვენი – საზღვაო შეტაკებისას.რაც უფრო შორეული წარსულიდან მოვყვებით,მით უკან ჩამოვიტოვებთ ჩვენს მეტოქეებს.დიახ,საყოველთაოდაა აღიარებული,რომ უძველესი,უდიდესი და მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმული სწორედ ჩვენი ქალაქია,მაშ,დიდებული საფუძველი გვქონია,რომ პატივი არ გვაკლდეს,მაგრამ ძველ ღირსებებს ბევრი ახალიც ემატება,რაც კიდევ მეტი პატივდების ღირსად გვხდის.ჩვენ ამ მიწაზე ფესვი ისე გავიდგით,არავინ გაგვიძევებია,არც უკაცრიელი ადგილი დაგვიჭერია და არც სხვადასხვა ტომთა ნარევი გახლავართ.ჩვენს ძარღვებში შეურეველი,კეთილშობილი სისხლი ჩქეფს და ამ მიწასთანაც სისხლით ვართ დაკავშირებულნი. (ავტორი გენია.ჯი) ისაა ჩვენი მშობელი და ოდითგანვე მშობელ მიწაზე ვცხოვრობთ.ჩვენ ამ მიწის მკვიდრნი ვართ და თავისუფლად შეგვიძლია ჩვენს ქალაქს უახლოესი ადამიანივით მივმართოთ: ელინთა შორის მხოლოდ ჩვენ ვართ უფლებამოსილნი,”მარჩენალი”,”სამშობლო” და “დედა” ვუწოდოთ მას.სწორედ ასეთი წარმომავლობა ეკადრება ხალხს,რომელიც დიახაც რომ ღირსეულად იწონებს თავს,დიახაც რომ სამართლიანად იჩემებს ჰეგემონობას და ხშირ-ხშირადაც მოიხსენიებს ხოლმე წინაპართა ნაღვაწს.
ასეთი დიადი დასაბამი გვარგუნა ბედმა; ხოლო სხვებისთვის რა სიკეთეთა წყაროდ ვქცეულვართ,ყველაზე უკეთ მაშინ გავარკვევთ,დროის სიღრმეში თუ შევჭრებით და, თანდათანობით,სულ თავიდან განვიხილავთ ჩვენი ქალაქის ღვაწლს.აღმოვაჩენთ,რომ ჩვენი ქალაქი – ომის ქარ-ცეცხლში გადამწყვეტი ბრძოლების სული და გული – სხვა საკითხებსაც განაგებს,იქნება ეს ადამიანთა პირადი ცხოვრება,საზოგადოებრივი მოღვაწეობა,თუ საარსებო საშუალებათა მოპოვება.თითქმის ყველა სასიკეთო საქმის სულისჩამდგმელია.ჩვენი ქალაქის კეთილშობილურ ნაღვაწთაგან მაინცდამაინც შეუმჩნეველსა და არადჩასაგდებს ნუ გამოვყოფთ.ისეთები გამოვარჩიოთ,რომლებზეც მათივე სიდიადის გამო ყველგან და ყოველთვის საუბრობენ და რომლებიც დავიწყებას არასოდეს ეძლევიან.ჩვენი ქალაქი მხოლოდ ღვთის მოყვარე და პატივისმცემელი კი არ გახლავთ,არამედ კაცთა სიყვარულის ნიჭიც უხვად ჰქონდა მიმადლებული. და მართლაც,როგორც კი ღვთივბოძებულ სიკეთეთა პატრონი გახდა,უშურველად გაუზიარა ისინი დანარჩენ ელინებსაც.მაგალითად,მისტერიებს ყოველწლიურად ვმართავთ დღემდე.ასევე,ყველას მაშინვე ასწავლა ჩვენმა ქალაქმა მარცვლეულის მოვლა-პატრონობა,დამუშავება და გამოყენებაც.
დედამიწის პირველ ბინადართ საზრდო-საარსებო ერთბაშად დღევანდელი სახით არ მისცემიათ.მათ თავად მოიპოვეს იგი თანდათანობით,საერთო ძალისხმევით.მართლაცდა,განა იმ ხალხს არ უნდა მიეგოს მეტი პატივი,ვისაც თვით ღმერთები უგზავნიან ძღვენს,ანდა,ვინც საზრდოს თავად ეძიებს და პოულობს კიდეც? განა პატივდების ღირსი სწორედ ის ხალხი არ არის,ვინც საყოველთაო აღიარებით პირველი გაჩნდა ამ მიწაზე და ვინც ძალზე მოკრძალებულია ღმერთების მიმართ,ვინც სხვადასხვა ხელობების დაუფლების უდიდესი ნიჭითა და უნარით არის დაჯილდოებული? ცხადია,აღარ გესწავლებათ,ჰეგემონობის პატივი იმ ხალხს ეკუთვნის,ვისგანაც ამდენი სიკეთე მომდინარეობს,რამეთუ არ მოიპოვება სხვა იმოდენა ჯილდო,მათ ღვაწლთა ტოლფასი რომ იყოს.
ვის შეუძლია მიგვითითოს ჰეგემონობა,რომელიც ჩვენსაზე უფრო ძველი და წინაპართაგან ნაანდერძევი იქნება? ჩვენი ჰეგემონობა ხომ უფრო ადრე იშვა,ვიდრე ელინურ ქალაქთა უმეტესობა დაარსდებოდა.ანდა,ვის შეუძლია გვითხრას,ვინაა ჰეგემოპნობის უფრო ღირსეული მაძიებელი,ვიდრე ჩვენი ქალაქი,რომელმაც ბარბაროსებიც გააძევა და ელინებსაც არნახული კეთილდღეობა მოუტანა? ჩვენმა ქალაქმა ელინებს სასიცოცხლოდ უმთავრესი საკითხები რომ გადაუწყვიტა,არც შედარებით უმნიშვნელოთა გათვალისწინება დაივიწყა: საფუძველი ჩაუყარა ქველმოქმედებას და დააპურა მშიერნი. (ავტორი გენია.ჯი) დიახაც,კეთილისყოფა იმ ხალხის მოვალეობაა,ვისაც მეორე რიგის საკითხთა მოწესრიგებაც დაუსახავს მიზნად.ჩვენს ქალაქს კარგად ესმოდა,რომ ადამიანს დიდად არ ეპიტნავება ისეთი ყოფა,როცა ცხოვრების მხოლოდ ძირითადი მხარეებია მოგვარებული და ამიტომაც არამთავართა მოწესრიგებაზეც გაისარჯა.ასე,რომ ჩვენი ქალაქის ჩაურევლად არც ერთი ის სიკეთე არ მიგვიღია,რაც დღეს გვაქვს და რაც ღმერთისგან კი არ გადმოსულა ჩვენზე,არამედ ურთიერთშემწეობით მოვიპოვეთ თავად.მათი უმეტესობა სწორედ ჩვენი ქალაქის დამსახურებაა.როგორც კი გაიაზრა ჩვენმა ქალაქმა,რომ ელინები კანონების გარეშე ცხოვრობდნენ და ზოგან კანონის მარწუხებით შეუბოჭავი ხელისუფალნი ძალმომრეობდნენ,ზოგან კი გაფანტულად მოსახლე ელინებს უმეთაურობით გამოწვეული არეულობა უღებდა ბოლოს,ეს სიავეც ააშორა მათ თავიდან.კერძოდ,დაქსაქსულ მოსახლეთა ბატონ-პატრონობა თავად იკისრა,კანონის უქონელთ კი საკუთარი მაგალითი მისცა.მან ხომ კანონებიც პირველმა დაიწესა და სახელმწიფო წყობილებაც პირველმა დაიდგინა.
ჩვენი ქალაქის სამეურნეო მართვა-გამგებლობა დიდი სტუმართმოყვარეობის პრინციპს ეფუძნებოდა და ჩვენთან ყველა შინაურად გრძნობდა თავს.ამიტომ ყველა მისკენ მოისწრაფოდა,განურჩევლად იმისა უქონელი იქნებოდა თუ მრავლისმქონე,რომელსაც თავისი მოჭარბებული ქონებით ტკბობა ეწადა.მისკენ მოუწევდა გული ყველას,მიუხედავად იმისა,თავის ქვეყანაში ბედნიერი იყო თუ უბედური.ერთიცა და მეორეც ჩვენთან პოულობდა იმას,რასაც ეძიებდა: ბედნიერი – უნეტარეს დროსტარებას,უბედური – საიმედო თავსესაფარს.
ჩვენმა ქალაქმა მეცნიერული ცოდნის დაუფლების დიდი წადილი გამოავლინა,რამაც გვაპოვნინა სწორედ ყველა სიკეთე; მანვე მოგვცა მათი ცხოვრებაში გატარების ნიჭიც.აღგვზარდა და მოგვამზადა საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის,მაგრამ არც ერთმანეთის დანდობის უნარი დაგვაკლო.მან შეგვაძლებინა უმეცრებით გამოწვეული უბედურების განსხვავება გარდუვალი უბედურებისაგან და გვასწავლა,როგორ ავიცილოთ თავიდან ერთი და როგორ გადავიტანოთ ღირსეულად მეორე.ჩვენმა ქალაქმა მეტად საპატიო საქმედ სცნო ორატორული ხელოვნებაც (განა ყველას გულით არ სწადია,ამ ნიჭის პატრონი იყოს? და თუ ვინმეს გამოაჩნდება,განა შურის თვალით არ შესქერიან?),ვინაიდან იცოდა,რომ მეტყველების უნარი ბუნებამ მხოლოდ ადამიანებს დაგვაყოლა,რაც გამოგვარჩევს კიდევაც სხვა ცოცხალ არსებათაგან.აზროვნებისა და ორატორული ხელოვნების განვითარების მხივ ჩვენმა ქალაქმა იმდენად უკან ჩამოიტოვა სხვა ხალხები,რომ ჩვენებური მოწაფეები სხვა ქალაქებში თავისუფლად მასწავლებლობდნენ.”ელინებს” ჩვენნაირი აღზრდა-განათლების ადამიანებს უფრო უწოდებენ,ვიდრე ჩვენი ჩამომავლობის ხალხს.დანაშაულად გვითვლიან იმას,რომ სუსტებზე ზრუნვა უფრო გვჩვევია,თითქოსდა,კიდევ უფრო არ განგვადიდებდეს,თუ საკითხის ჩვენეულ გადაწყვეტას ამ აზრის გაბატონება მოჰყვება.რა თქმა უნდა,ასე ვწყვეტდით არა უმეცარნი იმისა,თუ რაოდენ ხელსახყრელია,თუნდაც უსაფრთხოების მიზნით,უფრო ძლიერი სახელმწიფოების მოკავშირეობა.პირიქით,ზედმიწევნით,სხვებზე გაცილებით უკეთ ვიცოდით,რა მოჰყვებოდა ჩვენს ნაბიჯებს და მაინც,ყოვლად უანგაროდ,სუსტთა მხარში ამოდგომას ვარჩევდით,ვიდრე იმას,რომ გამორჩენის მიზნით უსამართლობა ჩაგვედინა უფრო ძლიერებთან ერთად”. (ავტორი გენია.ჯი)