ოთარ ჭელიძე – “ამბობენ”
ამბობენ,თითქოს სიყვარულს ეშხი
წაუშალაო დინებამ ჟამთა,
ამბობენ,მაგრამ არასდროს ჩვენში
სხვათა ნაფიქრი,ნათქვამი არ თქვა.
***
ჩვენ თავიდანვე ვყოფილვართ სულ სხვა,
აკვანში მერცხლის გვსმენია ლოცვა,
როგორც ხის ფესვებს იანვრის სუსხმა,
ვერრა დაგვაკლო ჭაღარის მოსვლამ.
***
და მაინც ჟრჟოლვა ფათურობს სისხლში,
ჩვენ შორის ფხიზლობს მესამე ვიღაც
და მისი შიშით,ჭირში ტუ ლხინში
სასიყვარულოს ვერ მაწვდენ სიტყვას.
***
ვერც მე გესროლე წერილი გუნდად
ვერ მოგიტანა ბარათი ქარმა,
და ვიცი,ვიცი,ჩამივლის ცუდად
უძილო ნატვრით ღამეთა პარვა.
***
არადა,რა ვქნა,ეგების ძახილს,
განწირულ ძახილს მიაპყრო სმენა,
შორიდან ყური დამიგდო დაღლილს,
ეგებ გამიგო,მაღირსო შველა.
***
ეგებ ხმა გამცე ძახილის ხმაზე,
გულისხმას იცნობს გულისხმა შენი,
ნუგეშის შუქი გაჩნდება ცაზე
და ყრუ დუმილის განიხვნის ბჭენი.
***
მაგრამ გაიგებს ქვეყანა ჩვენს ხმას,
ამიჯანყდება მოყვასი ყველა
დაგარისხდება თავზარად,მეხად
გულების წყრომა,თვალების ელვა.
***
არადა,რა ვქნა? საშველი არ ჩანს,
გამდნარა თოვლი – მარილი ზამთრის
და როგორც ძველად და როგორც შარშან,
ჩვენ შორის კვამლი და ქარი დაჰქრის.