საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ეს “შეგონებანი”…

Genia.Ge უღრმესი პატივისცემითა და სიყვარულით ულოცავს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს,მამასა ჩვენსა – ილია II-ეს დაბადებიდან 81 წლის იუბილეს.ღმერთმა დღეგრძელი გვიმყოფოს ქართველ ერს ჩვენი სულიერი მამა და ღვთის გზაზე,ჩვენი გზის მანათობელი უწმინდესი პატრიარქი! ამინ!

1. “როგორ გვაკლია სიმდაბლე და როგორ გვჭირდება იგი! წმინდა მამები სიმდაბლის გზაზე მიგვითითებენ: “იღვაწე იმისთვის,რომ შენი გულის ზრახვანი დაიმდაბლო და ღმერთი გულის თვალებს აგიხელს,რათა ჭეშმარიტი ნათელი იხილო.თავმდაბლობის გარეშე ჭეშმარიტი მოღვაწეობა შეუძლებელია”.ადამიანის სულიერი თუ მორალური დაცემის მიზეზს ამპარტავნება წარმოადგენს.იგივე წმინდა მამები გვასწავლიან,რომ დიდი აზრი,რომელსაც წინ თავმდაბლობის სიმშვიდე არ უძღვის,არა ღვთისაგან,არამედ ეშმაკისაგან მომდინარეობს”.

2. “მადლობა ღმერთს,მისი წყალობით თანდათან ვთავისუფლდებით ცოდვის მონობისაგან,საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა და ამპარტავნებისაგან და ჩვენი ხალხიც იმ ებრაელთა მსგავსად,მოსე წინასწარმეტყველმა ეგვიპტიდან რომ გამოიყვანა,ნელა,მაგრამ მაინც წინ მიიწევს აღთქმული მიწისაკენ – სულიერი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ”.

3. “გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება,რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს”.

4. “ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს,ვინც ეკლესიურად ცხოვრობს.გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული,ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება,რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს”.

5. “ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან”.