ტერენტი გრანელი – “ისევ დადგება სურნელი ნისლის…”
ისევ დადგება სურნელი ნისლის,
შორს წაიღებენ თეთრი ფიქრები,
მყუდრო ადგილას ვინმე გაივლის,
მაშინ როდესაც მე არ ვიქნები.
***
ჩვეულებრივი მთვარე ამოვა,
და გაქრებიან თეთრი ფიქრები
და ამ ადგილას სხვა მოვა,
მაშინ როდესაც მე არ ვიქნები.
***
და სულის ლანდი ისევ გაჩნდება,
და ისევ მოვა დღე შერიგების,
ვიცი ამ კლდეზე ვინმე დაჯდება,
მაშინ როდესაც მე არ ვიქნები.