გალაკტიონ ტაბიძე – “მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა!”

მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა

“მუმლი მუხასა” და “ლილეოსი”,

ეგ გმირთა ჩვენთა არის სიმღერა, -

ეს სიმღერაა საქართველოსი.

***

მოაპობს მკერდით ზღვას მეზღვაური,

გესმის არაგვის ხმა საცნაური?

გესმის თერგის და მტკვარის ხმაური? -

ეს სიმღერაა საქართველოსი.

***

მიარღვევს რისხვა აწყვეტის ავის,

რომ არ უდრკება ქვეყნად არავის.

გესმის გრიალი მთებიდან ზვავის? -

ეს სიმღერაა საქართველოსი.

***

თავისუფლების მოყვარე ერებს,

ვით ზღვას,ვერარა ვერ შეაჩერებს.

მთა რომ იმღერებს,ტყე რომ იმღერებს, -

ეს სიმღერაა საქართველოსი.

***

აქ გამარჯვების დროშად წერია:

სამშობლო ჩვენთვის ყველაფერია!

თუ რამ სიმღერა გულს უმღერია,

ეს სიმღერაა საქართველოსი.

***

გმირებით სავსე,სამშობლო მხარევ,

დღეს გამარჯვების გულით მღელვარევ,

იდიდე,ამ ხმას სხვაში ვერ გარევ:

ეს სიმღერაა საქართველოსი.